7 გრამი კოკაინისთვის სკანდალურად ცნობილ თურქ ბიზნესმენს ხელისუფლება 20 წლით, ან შეიძლება უვადოდაც, ციხეში უშვებს. საუბარია ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ მინი ოლიგარქზე, რომელმაც მაგალითად ბათუმში მთელი უბანი, 20-მდე კორპუსი ააშენა არალეგალურად.
წლების განმავლობაში გალიფ ოზთურქი ხელისუფლებისთვის სასურველი ინვესტორი იყო, მასთან ერთად კამერების წინ პოზირებდნენ ღარიბაშვილი და ქართული ოცნების სხვა პრემიერებიც. იყენებდნენ საარჩევნოდ და ეს იმის მიუხედავად, რომ თურქეთში ოზთურქს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი მკვლელობის შეკვეთისთვის.
"მთავარს" რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდა მისი ჩინელი პარტნიორი, ვისი თქმითაც ოზთურქი 10 000 სამუშაო ვიზას დაპირდა და ბათუმში ჩაინა თაუნის მოწყობას აპირებდა. რისთვის სჭირდებოდა 10 000 იაფი მუშა ხელის ჩინეთიდან ჩამოყვანა - არავინ იცის, მაგრამ ამ ეპიზოდიდანაც ჩანს, რომ მფარველები უმაღლეს დონეზე ჰყავდა.
მალევე ოზთურქის ჩინელი პარტნიორი გაქრა. საუბრის სურვილი არც მას შემდეგ გამოიჩინა, როცა "პოსტ ფაქტუმი" ოზთურქის უკანონოდ აშენებულ ქალაქში ჩავიდა.
უკვე დღეს, ჩინეთის მოქალაქე მედიასთან საჯაროდ ყვება იმ მუქარასა და ზეწოლაზე, რომელსაც ოზთურქის მხრიდან განიცდიდა.
სუროგაციის გზით გაჩენილი 105 შვილის მამას ყველა ასპარეზზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული, მათ შორის ოჯახურ დავებშიც და ყველაფერი ეპატიებოდა იქამდე, ვიდრე ირაკლი კობახიძეს წერილი არ მისწერა. ამ წერილიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოზთურქმა და თორნიკე რიჟვაძემ ფული ვერ გაიყვეს.
მისი ციხეში გაშვების შემდეგ, ბათუმში მდებარე პრემიუმ კლასის უძრავი ქონება, ნახევარ მილიარდ დოლარამდე ღირებულებით, მთავარი საკბილო იქნება.