"რიჟვაძე საჯარო გამოსვლებით შიშს თესავს კერძო სექტორში" | დაკავებამდე გალიფ ოზთურქმა კობახიძეს წერილი გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ თურქმა ბიზნესმენმა, გალიფ ოზთურქმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს წერილი მისწერა. ის წერს, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა და ბიუროკრატიული წიაღსვლების გამო, პროექტები გაჩერებულია. ამის მიზეზად ოზთურქი მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებებს ასახელებს.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ე.წ. "მეგობარი ბიზნესების" შემთხვევაში უპრობლემოდ ხდება პროცედურების მოგვარება და ხშირად "დაუშვებლად" დაანონსებული პროექტებიც სისრულეშია მოყვანილი.

გთავაზობთ წერილს სრულად:

"ბატონო ირაკლი,
 
მინდა გაგაცნოთ  რეგიონში არსებული მდგომარეობა, რაც დღითიდღე უფრო ხელშესახები ხდება და დროული რეაგირების გარეშე შესაძლოა მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. საკითხი ეხება აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარისა და კერძო სექტორის ურთიერთობას. აჭარის რეგიონის შემთხვევაში, კერძო სექტორი განსაკუთრებულ (ხელოვნურ) წინააღმდეგობებს აწყდება რიგ საკითხებან მიმართებით.

უცხოელი ინვესტორების (და არამხოლოდ) მიმართ წარმოებულმა ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ და მათდამი ადგილობრივი მთავრობის მხრიდან არასათანადო მოპყრობამ, საქართველოს, როგორც ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილისა და სტუმართმოყვარე ათასწლოვანი ქვეყნის რეპუტაცია - გაანადგურა და აქცია მითად.

ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა და ბიუროკრატიული წიაღსვლების გამო, დღეს არაერთი საინვესტიციო პროექტია გაჩერებული და ამ ყოველივეს საფუძველს, სწორედ  მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებები და მის მიერ ნაწარმოები პოლიტიკა წარმოადგენს.

ათობით გაჩერებული საინვესტიციო პროექტი, გაუცემელი ნებართვები, უსაფუძვლოდ დახარვეზებული დოკუმენტაცია და ა.შ, ხოლო იდენტურ - ე.წ. „მეგობარი ბიზნესების“ შემთხვევაში, სრულიად უპრობლემოდ ხდება ყველა პროცედურის დასრულება და ხშირ შემთხვევაში „დაუშვებლად“ დაანონსებული პროექტებიც კი, უკვე სისრულეშია მოყვანილი.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ მთავრობის თავმჯდომარე მისი ყოველი საჯარო გამოსვლით - კიდევ უფრო მეტ უთანხმოებას, გაუგებრობასა და შიშს თესავს კერძო სექტორში

აღვნიშნავთ, რომ -  საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს იკავებს, აქ მარტივია დაარეგისტრირო კომპანია და დაიწყო ბიზნესაქტივობა, თუმცა, ყველა მსხვილი გადამხდელი მალევე რწმუნდება, რომ „საქართველოში უნდა იცნობდე, უნდა გქონდეს კონტაქტები, უნდა გაითვალისწინო სხვა ფაქტორები“, ამ ფონზე ვკარგავთ არამხოლოდ ბიზნეს პარტნიორებს, არამედ ვკარგავთ შანსს - მათთან ერთად ვაკეთოთ ღირებული საქმე ჩვენი ქვეყნისთვის". 

ცნობისთვის, 31 მაისს ბათუმში 7-საათაინი სპეცოპერაციის შემდეგ სასტუმრო "ეიფორიადან" თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი ბორკილებით გამოიყვანეს.  მის წინააღმდეგ გამოძიება გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს. ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხა და სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი