თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს, ტოდორ ნედელევს ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.
ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ვიქტორ იგნატოვის თქმით, როდესაც წინ მიმავალ ავტობუსს მეორე ავტობუსი უკნიდან შეეჯახა, ფეხბურთელს მინის ნამსხვრევი თავში მოხვდა და თავის ქალა გაუტყდა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ტოდორ ნედელევის მდგომარეობა სტაბილურია. ის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ სულ მცირე 1 კვირის განმავლობაში დარჩება.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში ღამით იმ დროს მოხდა, როდესაც ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელები ორი ავტობუსით სასტუმროსკენ მიემართებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაემორჩილა და მეორეს შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.