რა არის "მაიმუნის ყვავილი", იგივე Mpox | რა უნდა ვიცოდეთ ინფექციაზე

გამოქვეყნდა:

რა არის "მაიმუნის ყვავილი", იგივე Mpox, რა სიმპტომები აქვს მას და რა უნდა ვიცოდეთ ინფექციაზე, რომელთან დაკავშირებითაც WHO-მ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - შევეცადეთ, ამ საკითხზე ყველა ინფორმაცია მოგვეპოვებინა:

რა არის "მაიმუნის ყვავილი"

სფეროს ექსპერტების თქმით, "მაიმუნის ყვავილის" გამომწვევი ვირუსი ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა, ამის მიუხედავად, ის ნაკლებად მწვავეა და ინფიცირების შანსიც მცირეა.  

BBC წერს, რომ დაავადება ძირითადად აფრიკაში, ტროპიკული ტყეების სიახლოვეს არსებულ ქვეყნებში გვხვდება. ამ დროისთვის კი ვირუსის ორი ძირითადი შტამი არსებობს - დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული. ცნობილია ისიც, რომ დასავლეთ აფრიკული შტამი შედარებით მსუბუქი სიმპტომატიკით გამოირჩევა. 

თუმცა, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ შვედეთში "მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დადასტურდა.

რა სიმპტომები ახასიათებს "მაიმუნის ყვავილს"

ცნობილი ხდება, რომ "მაიმუნის ყვავილს", თავდაპირველად თავის ტკივილი, ცხელება, შეშუპება, ასევე ზურგისა და კუნთების ტკივილი ახასიათებს. სხეულის ტემპერატურის მომატების შემდეგ, პაციენტს სახიდან გამონაყარი ეწყება, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში, მათ შორის ხელისა და ფეხის გულებზეც ვრცელდება. 

ხშირ შემთხვევაში გამონაყარი ქავილსა და ძლიერ ტკივილს იწვევს და ის რამდენიმე ფაზას გადის. თავდაპირველად ის კვანძოვანია, შემდეგ ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით, ბოლო ეტაპზე კი ფუფხები ყალიბდება, რაც მოგვიანებით, კანიდან იქერცლება. 

მაიმუნის ყვავილი, ძირითადად, 12-დან 21 დღემდე გრძელდება. 

როგორ ვრცელდება "მაიმუნის ყვავილი"

ცნობილია, რომ ახალი ინფექცია ადამიანზე ახლო ფიზიკური კონტაქტით გადადის და ვირუსი სხეულში დაზიანებული კანიდან, სასუნთქი გზებით, თვალის, ცხვირის ან პირის გავლით ხვდება. BBC-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ყვავილი არ მიიჩნეოდა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციად, თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ მისი გავრცელების საფრთხე ყველაზე მეტად სწორედ სქესობრივი აქტის დროს ახლო კონტაქტია.

ასევე, "მაიმუნის ყვავილის" გავრცელება შესაძლოა ისეთ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგაც მოხდეს, როგორიცაა მაიმუნი, მღრღნელი ან ციყვი. ვირუსი გადადის ინფიცირებული პაციენტის ტანსაცმლიდან და თეთრეულიდანაც.

არის თუ არა "მაიმუნის ყვავილი" საშიში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ "მაიმუნის ყვავილი", ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს. მეცნიერები მას ჩუტყვავილასაც კი ადარებენ - მიუხედავად განსხვავებული ვირუსული ინფექციებისა, მასაც, ჩუტყვავილას მსგავსად, სიმპტომების თავისთავად ალაგება ახასიათებს. 

აღსანიშნავია, რომ ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ დასავლეთ აფრიკაში ინფექციის რთული შემთხვევებიც ყოფილა, დაფიქსირებულია "მაიმუნის ყვავილით" გამოწვეული გარდაცვალებაც კი. 

როგორ ვუმკურნალოთ "მაიმუნის ყვავილს"

უცხოური მედია წერს, რომ "მაიმუნის ყვავილის" წინააღმდეგ, ადამიანის ყვავილის ვაქცინა 85%-იან ეფექტურობას აჩვენებს. ინფიცირებულებში ანტივირუსული წამლების გამოყენებაც შეიძლება.

ეპიდაფეთქება 

BBC-ის ცნობით, თავდაპირველად, ვირუსი ტყვეობაში მყოფ მაიმუნს აღმოუჩინეს, 1970 წლის შემდეგ კი, აფრიკის 10 სხვადასხვა ქვეყანაში ცალკეული ეპიდაფეთქებებიც დადასტურდა. ასევე, ინფექცია 2003 წელს აშშ-იც დაფიქსირდა და სწორედ ის იყო პირველი ქვეყანა აფრიკის შემდეგ. 

ცნობილია, რომ მაშინ პაციენტებს ვირუსი ძაღლებისგან გადაედოთ, რომლებიც, თავის მხრივ, მცირე ზომის ძუძუმწოვრებისგან დაინფიცირდნენ. 2003 წელს აშშ-ში 81 შემთხვევა იყო დადასტურებული, თუმცა მათგან არავინ გარდაცვლილა. 

ამის შემდეგ, ეპიდაფეთქება 2017 წელს ნიგერიაში მოხდა. მაშინ ინფიცირების 172 შემთხვევა დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი