ხაშურელ 16 წლის ჟურნალისტს ემუქრებიან. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, "ტვ ივერიას" ჟურნალისტზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. გიორგი გელაშვილი "ტვ ივერიაზე" სპორტულ ამბებს აშუქებს. სწორედ ის იმყოფებოდა 15 ივნისს, ხაშურის სტადიონზე, სადაც "გლდანსა" და "ივერიას" შორის დაპირისპირება მოხდა.
ტელევიზიის ინფორმაციით, ფაქტის შესახებ უკვე აცნობეს სახალხო დამცველს და მის რეაგირებას ელოდებიან.
"ივერიას სტადიონზე მომხდარ დაპირისპირების შემდგომ, როცა ჩვენი 16 წლის ჟურნალისტი აშუქებდა ამ თამაშს პირდაპირ ეთერში, შემდეგ კომენტარშიც დააფიქსირა თავისი აზრი, რომ ამ დაპირისპირების აღმოფხვრა შეიძლებოდა იმით, რომ უკეთესი დაცვა ჰქონოდა სტადიონს, ელემენტარულად შუშის ბოთლი არ მოხვედრილიყო სტადიონზე და მეტი დაცულობა ყოფილიყო, ამის შემდეგ დაუკავშირდა მას "კეთილისმსურველი", მის ოჯახში დარეკა და შემოუთვალა, რომ ამ საქმეს შეეშვას. წინა ადგილობრივი ხელისუფლების დროს იყო მსგავსი შემთხვევები, მეც როცა აქტიურობას ვიწყებდი ხაშურში, მსგავსი შემოთვლები იყო ჩემთანაც", - ამბობს ჟურნალისტი, გიორგი მანჩაკოვი.
ტელეკომპანია "ივერიას" დირექტორი, ზაზა მეზრიშვილი ფიქრობს, რომ "კეთილისმსურველები" ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ის ფაქტს მედიის კრიტიკულ პოლიტიკას უკავშირებს.