ხაშურის ცენტრალურ სტადიონზე დაპირისპირებისას დაშავებული 17 წლის ფეხბურთელი, სანდრო ხაჩიძე ამ დრომდე "გორმედის" კლინიკაში რჩება. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
"ხაშურის ივერიის" მწვრთნელი ამბობს, რომ პროვოკაცია "გლდანის" მხრიდან მოხდა. მას იმედი აქვს, რომ სადისციპლინო კომიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
"პაციენტი შემოვიდა ქალა ტვინის დახურული ტრავმით, პირველადი დახმარება გაეწია, კვლევები ჩაუტარდა. მოთავსებულია სტაციონარში დაკვირვებისთვის და შემდგომი კვლევებისთვის. შუბლის მიდამოში იყო ნახეთქი ჭრილობა", - ამბობს ექიმი დაშავებულზე.
მომხდარს ფეხბურთის ფედერაცია სწავლობს, გამორიცხული არაა, გუნდებისა და ცალკეული ფეხბურთელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
გუშინ ხაშურის სტადიონზე მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გულშემატკივარმა შუშის ბოთლი ისროლა. ის "გლდანის" მეკარემ აიღო და გადააგდო, ბოთლი "ხაშურის ივერიის" ფეხბურთელ სანდრო ხაჩიძეს მოხვდა. ფეხბურთელებს შორის დაპირისპირების დაწყების შემდეგ სტადიონზე გულშემატკივრები შევარდნენ.