საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის ოფიციალური განცხადების მოლოდინშია - უწყებაში ადასტურებენ, რომ ევროკავშირი საქართველოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანს, ვისაც პირველი ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, მმართველ გუნდში რეგულარული რეისების გადადებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საზღვრები გაიხსნება და რეგულარული ფრენები აღდგება, შესაძლოა ქვეყანა ეპიდემიოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
ევროკავშირი განიხილავს უსაფრთხო ქვეყნების სიას, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ იმ ინფორმაციით, რა ინფორმაციაც ვრცელდება, დიდი ალბათობით, საქართველო არის და იქნება იმ 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის, რომლებსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს. ეს არის აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
ეპიდემიოლოგიური კატასტროფის საშიშროებაზე ფრენების აღდგენის შემთხვევაში საუბრობს ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც.
ჩვენ რომ დაგვეშვა რეგულარული ფრენები თუნდაც იმ ვარაუდით, რომ ერთი მესამედი ფრენა მაინც გვქონოდა რეგულარული, 200 ფრენა წარმოიდგინეთ კვირაში, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა, - აცხადებს ნათია თურნავა.
ოპოზიციაში ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები აქვთ. საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას საზღვრები შერჩევითად და რეგულაციების დაცვით უნდა გაეხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკა გარდაუვალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება შესაძლოა ავიაკომპანია ''აირზენას'' ბაზარზე მონოპოლიის მოპოვებაში ეხმარება, რადგან ჩარტერულ რეისებს სწორედ ეს კომპანია ახორციელებს.
აირზენა აგრძელებს ფრენებს და საკმაოდ ხელმიუწვდომელია ფასები, რომელშიც ის ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს. ეს ყველაფერი აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს, ხომ არ აძლევს ხელისუფლება მონოპოლიას "აირზენას"და შესაბამისად, მონოპოლიის გზით სარგებლობას კიდევ ერთი თვის მანძილზე, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
შეგახსნებთ, რომ ფრენები პირველ აგვისტომდეა გადადებული. რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო და ასევე, რა პროცედურების გავლა მოუწევთ პირველი აგვისტოდან ქვეყანში შემოსულ ტურისტებს, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.