ეკონომიკის ვარდნა ყველაზე მეტად თვითდასაქმებულებს და ბიზნესს დააზარალებს - საქსტატის მონაცემებს დარგის სეპციალისტები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მოსალოდნელია უმუშევრობის კიდევ უფრო ზრდა და ფასების მატება. მთლიანობაში ექსპერტები მძიმე წელს პროგნოზირებენ.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალობასაა მოწყვეტილი. ფადი ასლი ეკონომიკის კიდევ უფრო შემცირებას და უმუშევრობის დრამატულად ზრდას პროგნოზირებს:
ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ივლისში საზღვრების გახსნა ზღვაში წვეთია. ეს შეიძლება მისთვისაა ზღვაში წვეთი, თუმცა 2000 ტურისტსაც კი რამდენიმე მეწარმის დახურვისაგან გადარჩენა შეუძლია... ჩვენი გათვლებით მშპ წლის ბოლომდე 8%-ით შემცირდება, დოლარში კი ათამდე გაიზრდება - ამბობს ფადი ასლი
ეკონომიკის ექსპერტების თქმით გამოსავალი მოზიდული თანხების სწორი და სამართლიანი გადანაწილებაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მთელი 8 წლის განმავლობაში ეკონომიკის მხრივ, ქვეყანას ერთი კარგი წელიც არ ჰქონია:
ეკონომიკის ამ ტემპებით შემცირება, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში იზრდება ფასები, ნიშნავს სიღარიბის მაჩვენებლების ზრდას მომდევნო თვეების განმავლობაში. ერთადერთი სწორი გამოსავალი, მოზიდული თანხების სწორი და სამართლიანი განაწილებაა - ამბობს ირაკლი ყიფიანი.
მე არ მჯერა იმის რომ 4%-იანი კლებით დავამთავრებთ წელს. მე უფრო მგონია, რომ 10%-სკენ იქნება ეკონომიკური ვარდნა 2020 წელს - ამბობს გიგა ბედინეიშვილი
საქსტატის მონაცემებით, მაისში ქვეყნის ეკონომიკა 14%-ით შემცირდა. ყველაზე მკვეთრი ვარდნა ფიქსირება ტურიზმის სფეროში. ვიზიტორების რაოდენობა 94%-თაა შემცირებული. 70%-ით დაიკლო ავტომობილების რეექსპორტმა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 33%-ით არის შემცირებული ახალი საწარმოების რეგისტრაცია, 22%-ით დაეცა დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა. კლების ტენდენციაა ეკონომიკის ყველა სფეროში.