ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის განახლებულ ფარიკაობის დარბაზში სპეციალურად შექმნილი მემორიალის "ოლიმპიელი მუშკეტერების" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ვეტერანი და მოქმედი მოფარიკავეები ესწრებოდნენ. პანდემიის პერიოდში დარბაზს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და აღიჭურვა ყველა საჭირო თანამედროვე დანადგარით. მის ფასადზე კი იმ 8 ოლიმპიელის გვარი დაიწერა, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს და მედლებსაც დაეუფლნენ.
დარბაზი უკვე ორშაბათიდან საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მოფარიკავეებსაც მიიღებს, რომლებიც პანდემიის შემდეგ ვარჯიშებს განაახლებენ.
ვხედავ, რომ ეს სპორტი ერთ-ერთ მაღალ ფონზე დგას დღეს საქართველოში და ვისურვებდი, რომ ოლიმპიური და მსოფლიო მედლები არ მოკლებოდეს ამ სპორტს, - ამბობს საქართველოს ნაკრების მოფარიკავე სანდრო ბაზაძე.