ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის ბაზას აუქმებს - მთავრობის გადაწყვეტილების შედეგი

გამოქვეყნდა:

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის ბაზას აუქმებს - "მთავარის" ექსკლუზიური ინფორმაციით, კომპანიაში დღეს თათბირი ჩატარდება, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ თანამშრომლები სამსახურიდან უკვე  გაუშვეს.

ვიზეარმა ქუთაისის ბაზაზე არსებული თვითმფრინავები უნგრეთში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების იმ ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც, ივლისის თვეში ფრენები ისევ შეზღუდულად განხორციელდება. კომპანიის თანამშრომლებს ქუთაისის ბაზის გაუქმების შესახებ გუშინ განუცხადეს. "ვიზეარში" საქართველოს დაახლოებით 150 მოქალაქე მუშაობდა. მათი ინფორმაციით, დღეს ჩატარებულ თათბირზე თანამშრომლებს ორ შესაძლებლობას შესთავაზებენ, კერძოდ,  დასაქმების სურვილის არსებობის შემთხვევაში მათ ევროპის რომელიმე ქვეყანაში გადაიყვანენ და იქ მოუწევთ ცხოვრება და მუშაობა, მეორე ვარიანტის მიხედვით კი სამსახურის დატოვება მოუხდებათ.

ჩვენ ივლისში ფრენები ჩანიშნული გვქონდა, მაგრამ მთავრობამ რომ თქვა, აღარ ვხსნით საზღვრებსო, გამოდის, რომ ჩვენი კომპანია მზად იყო, ნებისმიერ დროს დაეწყო ფრენა, მაგრამ სახელმწიფომ, რომ ვეღარ გაიგეს, რომ რა უნდა ქართულ მთავრობას, დახურეს, ჩახსნეს ბაზა. ახლა ვინც დავრჩით, სხვა ქვეყნებში თუ წავლენ, ან უხელფასო შვებულებაში, - ამბობს ვიზეარის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიის თანამშრომლები ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებენ.

ვიზეარის ქუთაისის ბაზის გაუქმებაზე ინფორმაცია აქვთ "ევროპულ საქართველოშიც".  გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ავიაკომპანიის ამ ქმედებას ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, ჩაკეტოს და არ განაახლოს ფრენები იმ ქვეყნებთანაც კი, სადაც კოვიდ 19-თან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა ნორმის ფარგლებშია. 

ბაზის გაუქმება არის ძალიან ცუდი სიგნალი ჩვენი ეკონომიკისთვის და ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ჩვენი მთავრობის მცდარმა გადაწყვეტილებამ და იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი გვიხსნის თავის საზღვრებს, ჩვენ აი ასე ჩავიკეტოთ და არ განვაახლოთ რეგულარული ფრენები იმ ქვეყნებშიც კი, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი.

"ვიზეარის" ქუთაისის ბაზის გაუქმებას მძაფრი რეაგირება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, მოქალაქეები ამ ფაქტს აპროტესტებენ.

აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქუთაისში ბაზის გაუქმება ფრენების შეჩერებას არ ნიშნავს.

მოგეხსენებათ, რომ რაღაც სხვადასხვა მიმართულებით ბაზები, ბაზირებული პორტები სხვადასხვა ქვეყნებში გადაათამაშა ვიზეარმა. ჩემი ვარაუდია, რომ რახან აგვისტომდე არ იქნება ფრენები, სავარაუდოდ, იქ სადაც საზღვრები გაიხსნა, იქ გადაათამაშა, - ამბობს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ვიზეარმა" ქუთაისში ოპერირება 2012 წლიდან დაიწყო, 2016 წელს კი მათ ქუთაისში შექმნეს ბაზა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი