მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა - შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის ერთი ორსულია.
ადგილზე მცხოვრებლები მომხდარში მერიის პასუხისმგებლობას ხედავენ და ამბობენ, რომ მიმართვის მიუხედავად შესაბამისმა უწყებებმა არაფერი გააკეთეს.
"ორი წელია დავდივართ მარნეულის მერიაში და ვატყობინებთ ამ მძიმე სიტუაციის შესახებ, ყოველ ჯერზე განცხადებას ითხოვდნენ. პირადად მე ამ საქმის სათავეში ვიყავი, ხელმოწერებს ვაგროვებდი. გუშინ ძლიერი ქარი იყო, აივნიდან ბავშვები გავიყვანე, ვიცოდი რომ საშიშია და ოდესღაც ეს მოხდებოდა, მარნეულის მერია კი საერთოდ არ დაინტერესდა ამ პრობლემით",- ყვება მცხოვრები.
კიდევ ერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ ადგილზე 1 წლის წინ მერიიდან მისულები იყვნენ, სიტუაციას თვალი გადაავლეს, თუმცა არაფერი მოიმოქმედეს.