შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ისევ მუშაობენ. ადგილობრივები პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ. მათი თქმის, წლების განმავლობაში მერიას რამდენჯერმე მიმართეს, რომ საცხოვრებლის აივნები ავარიული იყო, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.
"წლებია ვითხოვთ რეაგირებას, ბევრჯერ მივმართეთ მერიას, თუმცა უშედეგოდ. ამ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. ეს საცხოვრებელი სახლი მთლიანად ავარიულ მდგომარეობაშია, ხვალ, ზეგ კიდევ ვინ უნდა გარდაიცვალოს, რომ აქ პრობლემა მოგვარდეს. გუშინ ასეთი უბედურება მოხდა და სახელმწიფოს მხრიდან არავინ მოსულა, ეს ნორმალურია?", - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
ცნობისთვის, 26 ივნისს მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა - შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის ერთი ორსულია. ექიმებმა მისი ნაყოფის გადარჩენა შეძლეს და ის ახლა საავადმყოფოში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
დაშავებულია კიდევ 2 ბავშვი, რომლებიც ასევე კლინიკაში არიან გადაყვანილები.