მწვანე ალტერნატივა და რაჭის სათემო ორგანიზაცია მთავრობას საქალაქო სასამარლოში უჩივის. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობისგან მოითხოვენ იმ განკარგულების გაუქმებას, რომლითაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეები აუქციონის შედეგად, 49 წლით რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირს, დავით ხიდაშელს გადასცა.
საჩივრით მიმართეს ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ ბათილად იქნას ცნობილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებები, რომლითაც აუქციონით გადაცემულ ტყეში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და ლიცენზია გაიცა.
"105 ათასი ჰექტარი არის საქართველოს ტერიტორიის 2%. სად არის ეს, რუსეთის ფედერაციასთან და ცხინვალის რეგიონთან საზღვარზე. ანუ ეს მცოცავი ოკუპაცია არ არის. წარმოიდგინეთ, რაჭის 1/3 მაკრატლით შემოჭრეს და მიაკერეს საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიას", - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, რაჭის ტყე 49-წლიანი ვადით ხელისუფლებამ რუსეთიდან დაბრუნებულ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს მიმდინარე წლის აპრილში გადაუფორმა. კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა, რომელსაც ახლა რაჭის მესამედი გრძელვადიანი იჯარით აქვს აღებული, ამ რეგიონში სანადირო მეურნეობა უნდა მოაწყოს და კეთილშობილი ირმებისა და კავკასიური ბიზონების პოპულაცია მოამრავლოს.