სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთეს.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს უწყებაში უთხრეს, გოგაშვილის დაკავება "არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება".
"ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე და არა ახალ სისხლის სამართლის საქმეზე. საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საჭირო გახდა მისი დაკავება", - ამბობენ სუს-ის პრესსამსახურში.
უწყებაში სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რა მუხლით არის დაკავებული სოსო გოგაშვილი.
შეგახსენებთ, სპეცოპერაცია გოგაშვილის სახლში გვიან ღამით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების კადრები მისმა მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა გაავრცელა.
სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის სახლში. ასევე, საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც მისი მეორე შვილი ნიკა გოგაშვილი ცხოვრობს. პოლიციამ გაჩხრიკა გოგაშვილის მძღოლის სახლიც, ასევე სასტუმრო სიღნაღში.
ჩხრეკისას სამართალდამცველებმა სახლებიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები წაიღეს.
ამავე თემაზე: