
გოცირიძის მეტროსადგურის გახსნას, რომელიც რეაბილიტაციის დაწყებიდან სამ თვეში უნდა დასრულებულიყო, თბილისელები ორი წელია ელოდებიან. საკრებულოს წევრის, ანა გოგოლაძის ინფორმაციით, სადგურმა ამ ორი წლის განმავლობაში გამოიცვალა რამდენიმე ტენდერი და კონტრაქტორი.
ასევე, თბილისის მერიამ მოსახლეობა შეცდომაში არაერთხელ შეიყვანა და გახსნის არასწორი თარიღი გამოაცხადა.
ოპოზიციის ინფორმაციით, კომპანია "მამისონი", რომელიც მეტროსადგურის რეაბილიტაციის ვადების დარღვევის გამო დაჯარიმდა, ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს.
თბილისის მერმა ზუსტად შვიდჯერ გამოაცხადა მეტროსადგურის გახსნის თარიღი და შვიდჯერვე შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა. კომპანია, რომელიც დღეს აქ სამუშაოებს ასრულებს, ეს არის კომპანია "მამისონი". ზუსტად 3 თვის წინ ამ კომპანიამ მოიგო მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის ტენდერი. სამუშაოები იქაც უნდა დაწყებულიყო სამი თვის წინ, მაგრამ დღემდე მოსამზადებელი პროცესიც კი არ არის დაწყებული. გააკეთონ ყველაფერი, რომ აგვისტოს ბოლოსთვის სადგური იყოს გახსნილი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყონ გამოძიება, - ამბობს ანა გოგოლაძე.
ანა გოგოლაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა თბილისის მერი. კალაძემ თქვა, რომ "მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები... კომპანიებს სამუშაოებში ჩართვის სურვილი არ აქვთ". მისივე თქმით, "გოცირიძის მეტრო აგვისტოში გაიხსნება და მგზავრებს სექტემბრიდან მოემსახურება".