
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი თავად ადასტურებს, რომ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა მისი ლიკვიდაციის გეგმის შესახებ გააფრთხილა. როგორც გოგაშვილი ამბობს, მასსა და მეუფე იაკობს შორის საუბარი წელიწადნახევრის წინ შედგა.
გოგაშვილის თქმითვე, მეუფე იაკობმა მას უთხრა, რომ მისი ლიკვიდაცია "ქისტ ქილერს" ჰქონდა დავალებული. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ვარაუდით, თუკი ხელისუფლება ამას გააკეთებდა, მის მკვლელობას მალხაზ მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ.
"მინდა შევეხო მეუფე იაკობის გაფრთხილებასაც, რის შესახებაც თეამ შეცდომით თქვა დრო, ეს იყო არა 5-6 თვის წინ, არამედ წელიწადნახევრის წინ. მან გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება გეგმავდა ჩემს ლიკვიდაციას. ეს დავალებული ჰქონდა ქისტ ,"ქილერს" და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს "ქილერი" იმყოფებოდა პანკისში. მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და არ თქმა დასანანია", - წერს გოგაშვილი.
ცნობისთვის, მეუფე იაკობსა და სოსო გოგაშვილს შორის შეხვედრასა და გაფრთხილებაზე ინფორმაცია გოგაშვილის მეუღლემ ჯერ კიდევ გოგაშვილის დაკავების მეორე დღეს გაავრცელა. მაშინ მეუფე იაკობმა ინფორმაცია უარყო და თქვა: "მასეთ სისულელეზე მე არ მისაუბრია არასდროს".