ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 7 აგვისტოს, რაბათის ციხეში რუსული კომპანია "ფორტ-ბოიარდის" მსგავს თამაშს "ფორტ-რაბათს" მოაწყობს.
"მთავარ არხთან" საუბრისას მან არ უარყო, რომ საკითხთან დაკავშირებით "დაინტერესება იყო", თუმცა როგორც მან აღნიშნა, საკითხი სერიოზულად არ განხილულა.
"ჰქონდათ რაღაც გარკვეული დაინტერესება, თორემ არც ხელშეკრულებაა დადებული, არაფერი. სერიოზულ ეტაპზე არ გადასულა მოლაპარაკება. არ მაქვს ინფორმაცია რას აანონსებენ. არანაირი ღონისძიება იქ არ ყოფილა", - ამბობს ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის მერს ინფორმაცია არ აქვს, რუსული კომპანია "Qvevri Event" 7 აგვისტოს, ომიდან 14 წლის თავზე, რუსებს თამაშში მონაწილეობის მისაღებად რაბათის ციხეში ეპატიჟება. საქართველოში ჩამოსულ რუსებს ისინი სთავაზობენ აეროპორტიდან ტრანსფერს, მიყვანას რაბათში და ვახშამს ქართული კერძებით.
სტუმრების მოსაზიდად ისინი ქართულ ტრადიციებს იყენებენ და წერენ ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, ღვინოსა და კერძებზე. რუსებს ისინი სთავაზობენ არჩევანს, რომელი ქართული კერძი გასინჯონ გასაცნობ ვახშამზე.
საკონტაქტოდ მათ Whatsapp-ის ჯგუფი აქვთ მითითებული, ნომერი ქართულია, თუმცა თამაშში მონაწილეობის მსურველთათვის აღწერა რუსულ ენაზეა გაკეთებული. ჩვენ ვცადეთ მათთან დაკავშირება, თუმცა არც შეტყობინებებზე და არც სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხეს.
ამავე თემაზე: