ვინ არიან საქართველოში მმართველი პარტიის მთავარი სამიზნეები - Poynter "ოცნებასთან" აფილირებულ ანგარიშებზე წერს

გამოქვეყნდა:

მიუხედავად იმისა, რომ ქართული დემოკრატია არასოდეს ყვაოდა, ქვეყანაში ფაქტების შემმოწმებლები ამბობენ, რომ ახლა დაძაბულობა განსაკუთრებით მაღალია - ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია,  Poynter (The Poynter Institute for Media Studies) წერს. 

გამოცემის თანახმად, საქართველოს მმართველმა პარტიამ შექმნა ფეისბუქის ანგარიშების ფსევდო ქსელი და „ფაქტების გადამოწმების“ გვერდი, რომლის სამიზნე ძირითადად დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო ორგანიზაციები და ბოლო პერიოდში უცხოელი ელჩებიც კი გახდნენ. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფაქტების შემმოწმებელი ქართველების აზრით, ოპოზიციური პარტიის ლიდერების, მათ შორის ყოფილი პროდასავლელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციური საინფორმაციო არხის "მთავარი TV-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, დაკავებებმა, საზოგადოებრივი დისკურსი კიდევ უფრო ინტენსიური გახადა.

„მათ საკუთარი ფაქტების შემოწმების პლატფორმაც კი შეიმუშავეს, სახელწოდებით „სინამდვილეში“, რომელიც დისკრედიტაციას ახდენს ჩვენს საქმიანობაზე და ამბობს, რომ ეს არის ტყუილი, უსაფუძვლო. ასე რომ, ახლა ჩვენ ვაკვირდებით გაუარესებას დემოკრატიის თვალსაზრისით“, - თქვა თამარ კინწურაშვილმა, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

ფაქტების შემმოწმებლების თქმით, გვერდის "სინამდვილეში" ერთ-ერთი სტრატეგია, რომელიც ასახავს მმართველი პარტიის უფრო ფართო სტრატეგიას, არის ნებისმიერი ოპოზიციური ძალის წარმოდგენა, როგორც სიძულვილის ჯგუფის. 

„სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ ციხეში ჩაგვსვან. მედიის თავისუფლება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპოზიციური მედიაორგანიზაციის დირექტორი ციხეშია, ეს არხი აგრძელებს მაუწყებლობას ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველოს მძიმე ფინანსური პრობლემები.“, - თქვა მარიამ წიწიკაშვილმა, GRASS-ის პროექტის მენეჯერმა და Factcheck Georgia-ს რედაქტორმა.

მიუხედავად იმისა, რომ გვერდს 10 000-ზე ნაკლები მიმდევარი ჰყავს, მის პოსტებს ხშირად აზიარებენ სოციალურ მედიაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რაც ინფორმაციის გავრცელებასა და ამ ინფორმაციაზე წვდომის გაზრდას უწყობს ხელს.

„როდესაც ჩვენ ამას ე.წ. ფაქტების შემოწმებას ვუწოდებთ, ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ მოგვწონს. მათ არ აქვთ გამოქვეყნებული სათანადო მეთოდოლოგია, არ აქვთ საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არედაქტირებს ან წერს პოსტებს, ვინ მართავს გვერდს. თუ რამე ასე ღიად არის პოლიტიკურად აფილირებული, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის რეალური ფაქტის შემოწმება“ , - ამბობს მალხაზ რექვიშილი, Factcheck Georgia-ს მთავარი რედაქტორი.

გამოცემა წერს, რომ ფეისბუქის კიდევ ერთმა გვერდმა, TV Sezoni-მა, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია სამოქალაქო ლიდერების, ოპოზიციის მომხრე ადვოკატებისა და მედიის წარმომადგენლების "დაკავების" ფოტოშოპით დამუშაბული სურათები. 

ფოტო, რომელიც სტატიაზეა დართული, TV Sezoni-ის მიერ მომზადებული "ფეიქ-რეპორტაჟიდანაა".  

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი