ყაზანში მცხოვრები 13 წლის მოციგურავე, ინგა გურგენიძე საქართველოს ნაკრებს უერთდება | რუსული მედია წერს, რომ "საქართველო ტალანტებს ართმევს"

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" ცნობით, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებს 13 წლის ინგა გურგენიძე უერთდება. ის ამჟამად ოჯახთან ერთად რუსეთში, ქალაქ ყაზანში ცხოვრობს. გამოცემის ცნობით, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურები უკვე გაიარა და რამდენიმე კვირაში დებიუტიც ექნება. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქართველი მოციგურავის გადაწყვეტილებამ რუსეთში ბევრი ადამიანი გააღიზიანა, რასაც სპორტული გამოცემის - „ჩემპიონატის“ მიერ გავრცელებული სტატიაც ადასტურებს, სათაურით - „საქართველო კვლავ გვართმევს ტალანტებს". 

„საქართველოს ნაკრების რიგები რუსეთიდან კიდევ ერთი მოციგურავით შეივსო. ინგა გურგენიძე 13 წლისაა, მას უკვე შეუძლია ახალგაზრდულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლა და... არავინ იცის, მიეცემოდა ამის შანსი, რუსეთში რომ დარჩენილიყო. საქართველოში გადასვლით კი მას რეალურად შეუძლია, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლოს და სამომავლოდ ნაკრების ლიდერიც გახდეს“ - დაწერა რუსულმა სპორტულმა გამოცემამ.

ინგა გურგენიძემ გასულ წელს ყაზანის საქალაქო პირველობაში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონი გახდა. ამასთან, რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანის განცხადებით, ინგა გურგენიძის დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ თვეში შედგება. 13 წლის სპორტსმენს საერთაშორისო გამოცდილება ჯერ არ აქვს და მისთვის სარეიტინგო ქულების ათვლა, სწორედ შემოდგომის გრან პრის ეტაპებიდან დაიწყება.

„სექტემბერში რიგა ახალგაზრდებს შორის გრან-პრის ეტაპს უმასპინძლებს და მასში ინგაც ჩაებმება. ძალიან კარგი იქნებოდა, იქამდეც მოგვესწრო მისი საერთაშორისო არენაზე გაყვანა და პირდაპირ ამ უპრესტიჟულესი შეჯიბრებით არ დაგვეწყო, მაგრამ სხვაგვარად ვერ ხერხდება. რიგის ეტაპს მალევე მოჰყვება გრან პრის ერევნის ეტაპი და სწორედ ამ რანგის შეჯიბრებებზე დაგროვებული სარეიტინგო ქულები განაპირობებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას“ - უთხრა "რადიო თავისუფლებას" მაკა გიორგობიანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი