
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის სახელით ხელი მოაწერა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის ოქმს, რომელიც საფრანგეთის პარლამენტმა 2 აგვისტოს მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, ნატოში გასაწევრიანებლად ფინეთსა და შვედეთს ალიანსის 30 წევრის თანხმობა სჭირდება.
"ლე ფიგაროს" ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე ნატო-ს წევრმა 20-მა ქვეყანამ მოახდინა მათი გაწევრიანების შესახებ შესაბამისი პროტოკოლის რატიფიცირება.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის გაყინვით იმუქრება და ორივე ქვეყანას იმ პირებისადმი კეთილგანწყობაში სდებს ბრალს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.