ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, საოკუპაციო ხაზთან ასაფეთქებელი მოწყობილობები რუსმა ოკუპანტებმა დაამონტაჟეს. გამაფრთხილებელი ბანერების ბოძებზე მიმაგრებული ხელყუმბარები გუშინ სწორედ მოძრაობის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, შემდეგ კი ინფორმაცია ძალოვან უწყებებს მიაწოდეს.
შსს-ს წარმომადგენლები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, რის შემდეგაც, გამნაღმველებმა ხელყუმბარები ადგილზე გაანადგურეს.
დავით ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ ონის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სხვა ტერიტორიებიც იყოს დანაღმული.
"გუშინ ვიმყოფებოდით სოფელ ირის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აღმოვაჩინეთ მავთულხლართზე დამონტაჟებული ორი ხელყუმბარა, რომლებითაც ოკუპანტებმა დანაღმეს ღობე. ეს ფაქტობრივად არის კიდევ ერთი გამოვლინება რუსული აგრესიის. ბუნებრივია, ჩვენ ამის შემდეგ ეს ინფორმაცია გადავეცით შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ახლაც რაჭაში ვიმყოფებით და ვგეგმავთ უკვე სხვა ლოკაციებზე გასვლას. გვაქვს ინფორმაცია, რომ ოკუპანტები გააქტიურებული არიან სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ამ ადგილებს ჯერ ვერ ვასახელებთ, უნდა გავიდეთ ამ ლოკაციებზე", - თქვა დავით ქაცარავამ.
საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო (საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).
ამავე თმაზე: