შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, საოკუპაციო ხაზთან ხელყუმბარა აღმოაჩინეს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, უსაფრთხოების მიზნით, ხელყუმბარები გამნაღმველებმა ადგილზე გაანადგურეს.
"მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, ე.წ. "საოკუპაციო ხაზთან", სადაც განთავსებულია გამაფრთხილებელი ბანერები, ლითონის ორ ცალ ბოძზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდო საბრძოლო მასალა “F-1” ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა.
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა, "F-1" ტიპის მსგავსი, ე.წ. "სტრაიგ ბოლის" სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.