გირაოს გადახდას არ ვაპირებ... მეჯიკავებოდნენ, არ ვაპირებდი გამოსვლას... - ამის შესახებ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბაჩო თამლიანი საუბრობს.
გირაოს უწესებენ, თანაც როცა გირაო მინიმუმ ათას ლარიანი არის დაწესებული, 2 დღით ადრე გიწესებენ 4 ათას ლარს, 5 ათას ლარს. ეს არის მამაძაღლობა, ეს არის თაღლითობა, ეს არის აფერისტობა და ეს არის არაადამიანობა...
[ჟურნალისტი: აპირებთ გირაოს გადახდას?] არა, არა. ეგ კი არა, მეჯიკავებოდნენ ეხლა კაცო, დიდი ხვეწნით გამოვედი თორე არ ვაპირებდი გამოსვლას...
ბრალს კი არ ვაღიარებ, მე ვამბობ, რომ ის რაც მე გავაკეთე, ადმინისტრაციულ საზღვრებს არ სცდება და თუ რაღაცა არის იმაზე მეტი, მეტი თუ არა არანაკლები დანაშაული მიუძღვის თვითონ პოლიციელებს, რომელმაც მაიძულა გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე... თავდაცვის მიზნით, აბსოლუტურად. ჯიხურზე, თქვენ თუ ვიდეოკადრებს დააკვირდებით, ჯიხურზე ასვლა ჩემი თვითმიზანი არც იყო, - ამბობს თამლიანი.
თითქმის 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტ ბაჩო თამლიანს აღკვეთი ღონისძიება გირაოთი დღეს, 26 აგვისტოს შეეცვალა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას გირაო დააკისრა. აღკვეთი ღონისძიების გადახედვის აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პატიმრობისთვის კანონით დადგენილი ვადა ამოიწურა.
პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო თავად ბაჩითამლიანი. ის გასული წლის 29 ნოემბერს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს.
ბესიკ თამლიანს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 3 აქტივისტს მოსამართლემ 5 ათასლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აქტივისტები სასამართლოს ესწრებოდნენ და ისინი სხდომიდან გათავისუფლდნენ.