195 მილიონი მთავრობის შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებისთვის - ხელისუფლებამ ეს თანხა მხოლოდ 2022 წლის პირველ ნახევარში დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 42 მილიონი ლარით მეტია და რეკორდული მაჩვენებელია.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში კი არაა მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ა(ა)იპ-ში.
ასევე, გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც და წინა წელთან შედარებით 63 მილიონი ლარით მეტია.
ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ საჯარო სამსახურებში შტატები ხელოვნურად არის გაზრდილი და რეალურად, მოქალაქეების ნაწილი იქ ფიქტიურად არის გაფორმებული.
"საჯარო მოხელეების 90% დღეს შეადგენს ქართული ოცნების პარტიულ აქტივს. ის, ვინც ვერ გააფორმეს, შექმნეს ასეთი დამატებითი, შტატგარეშე მოსამსახურეები დაარქვეს. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ნამყოფებიც არ არიან იმ დაწესებულებებში, სადაც არიან გაფორმებული. ყველამ ერთად რომ მოინდომოს თუნდაც მერიაში მისვლა, ფიზიკურად სკამები არ ეყოფათ. ერთადერთი მიზანი, რატომაც ჰყავთ ეს ადამიანები აღნიშნულ სამსახურებში არის მათი ჩართულობა არჩევნებში. მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ნიშნით ჰყავთ დაკომპლექტებული და იყენებენ ამ ადამიანებს მაშინ, როდესაც მოახლოვდება არჩევნები", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე.
ხელისუფლების მხრიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვა მიუღებელია რიგითი მოქალაქეებისთვისაც. ისინი ამბობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, 195 მილიონი ლარი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად დახარჯულიყო.
"სამწუხაროდ, არამიზნობრივი ხარჯები უამრავია საქართველოში დღეს, ფულის გათეთრება და კორუფცია. ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი - ვერტმფრენები, სოციალურად დაუცველები, უმუშევრობა, გაჭირვებული ადამიანები... ძალიან ბევრი პრობლემაა", - ამბობს მოქალაქე.
ავტორი: ნინო გიგაური