განათლების სამინისტროს თითი არ გაუნძრევია მოსაკვლევად, ვიდრე საკითხმა ყურადღება არ მიიპყრო - ექსპერტები რუსულ სკოლებზე

გამოქვეყნდა:

რუსული სკოლები საქართველოში - ხელისუფლების წარმომადგენლები არგაღიზიანების პოლიტიკას ინარჩუნებენ და საქართველოში რუსულად სწავლებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებებს არ აკეთებენ. 

პარალელურად, ბათუმში რუსული სკოლის გახსნის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განათლების ექსპერტები ეხმაურებიან. ექსპერტები პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებენ და ამბობენ, რომ სამინისტრო უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებში.

დარგის სპეციალისტები ასევე არ გამორიცხავენ, რომ განათლების სამინისტრომ ფაქტის შესახებ იცოდა, თუმცა სანამ საკითხით მედია არ დაინტერესდა, მანამდე რეაგირება არ ჰქონიათ.

"ხელისუფლება ისეთი ლოიალური და შემწყნარებლურია ოკუპანტების მიმართ, რომ აბსოლუტურად უკონტროლოა მათი ქვეყანაში შემოდინება, მათთვის ბინადრობის მოწმობის გაცემა და წარმოიდგინეთ, იმდენად გათავხედდნენ, ალბათ, საკუთარ გუბერნიად ჩათვალეს საქართველო და ბედავენ და აარსებენ საგანმანათლებლო დაწესებულებას, ისე, რომ სახელმწიფოს საქმის კურსშიც არ აყენებენ.

ფაქტი ერთია, საზოგადოებამ ამის შესახებ იცოდა მედიისგან და ელემენტარულად, იმ ბანერებიდან, რომელიც გამოფენილია ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, მედიამ ეს გააშუქა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს კი თითი არ გაუნძრევია ამ საკითხის მოსაკვლევად, ვიდრე ფართო ყურადღება არ მიიპყრო აღნიშნულმა", - თქვა განათლების ექსპერტმა, ნინო კვიტაიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე რუსული სკოლებისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ "მთავარმა არხმა" რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა, თუმცა ხელისუფლებას რეაგირება არ ჰქონია.

რაც შეეხება, რუსულ სკოლას, რომელიც ბათუმში გაიხსნა, ინფორმაცია გუშინ, 3 სექტემბერს გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა, რის შემდეგაც საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი