დაპირისპირება "ევრობასკეტზე" - საქართველო-თურქეთის ნაკრების შეხვედრის მეოთხე მეოთხედში ინციდენტი მოხდა თურქ ქორქ-მაზსა და დუდა სანაძეს შორის, მატჩი 10 წუთით შეწყდა, ორივე კალათბურთელი კი დისკვალიფიცირებულია.
ამასთან, თურქეთის მხარე მატჩზე 20 წამის "მოპარვას" ჩივის და ამბობს, რომ ამ დრომ თამაშის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა.
ინციდენტი საკმაოდ აქტიურად განიხილება თურქულ პრესაში, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ევრობასკეტის დატოვებით იმუქრება. ომენ ონანი ამბობს, რომ მათ კალათბურთელს ქართველ კალათბურთელებთან ერთად დაცვის სამსახურის თანამშრომლებიც დაესხნენ.
"ჩვენს კალათბურთელს გასახდელში ვაცილებდით, მას კალათბურთელებთან ერთად თავს პოლიციაც დაესხა და ჩვენ ხელჩართული ჩხუბი პოლიციასთან მოგვიხდა. FIBA-ს გარკვევით ვეუბნებით, თუ გასახდელში მომხდარის კადრები არ გასაჯაროვდება და ჩვენ მას არ მივიღებთ, ევრობასკეტს დავტოვებთ",- ამბობს ის.
დუდა სანაძე ამბობს შემდეგს:
"ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო, მას კი ასეთი რეაქცია ჰქონდა! მართალი გითხრათ, ამან ძალიან გამაოცა, მალევე კი ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ის მეძახდა, რომ გასახდელში მნახავდა. ეს ძალიან ცუდი ინციდენტი იყო. ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, თუმცა, იმ მომენტში ყველაფერი ემოციებმა განაპირობა",- ამბობს ის.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრები ანგარიშით 88:83 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.