საქართველო ევროკავშირის 5 ქვეყანას - გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვარს უპირობოდ უხსნის.
ავიამიმოსვლა ეტაპობრივად აღდგება, თუმცა როდიდან, ამას მთავრობა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.
დამაბნეველი იყო პრემიერის პრესსპიკერის სხვა გზავნილებიც. მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქე მოგზაური საქართველოში კარანტინისა და კოვიდ ტესტირების გარეშე შემოვა, თუმცა ევროპიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საზღვარზე PCR ტესტის წარმოდგენა მოუწევდათ, რაც ჩიქოვანს თავის განცხადებაში არ უხსენებია. მისი თქმით, ვიზიტორებს საზღვარზე ტემპერატურას გაუზომავენ და მაღალი ტემპერატურის მქონე პირებს ადგილზევე ჩაუტარებენ ტესტირებას.
ჩიქოვანის ბრიფინგის შემდეგ განმარტებები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც გააკეთა. თამარ გაბუნიას თქმით, ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს ყველა ჩამომსვლელისთვის PCR ტესტის ჩატარებას. შესაბამისად, ტესტირება მხოლოდ მაღალი რისკის მოგზაურებს ჩაუტარდებათ.
დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ კითხვები გაუჩნდათ ხელისუფლების ოპონენტებსაც. მათთვის გაუგებარია, თუ რა პრინციპით შეირჩა ხუთი ქვეყანა, რომელთაც საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის. გარდა ამისა, ოპოზიცია ითხოვს თურქეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნას, ვინაიდან სახმელეთო საზღვრები კვლავ ჩაკეტილია.
ვუხსნით საზღვარს საფრანგეთს, სადაც იყო საშინელი პანდემია და ფაქტობრივად, ჩაკეტილია საზღვარი მონტენეგროსათვის, სადაც არ იყო გავრცელებული ეს ვირუსი. ძალიან გაურკვეველია, თუ რატომ არ არის აუცილებელი მოთხოვნა ტესტირების პასუხისა, - აღნიშნავს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი კი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ ვავალდებულებთ უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლას, თუ ისინი იმყოფებოდნენ ევროკავშირის იმ სახელმწიფოებში, რომელთაც საზღვარს ვუხსნით.
ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გახსნას სახმელეთო საზღვარი თურქეთთან, ოღონდ გარკვეული რეგულაციებით, - დასძენს კანდელაკი.
დღეს გაირკვა, რომ რეგულარულ ფრენებს განახორციელებს ავიაკომპანია "ლუფთჰანზა". ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები "ეარ ფრანსთან" და "ეარ ბალტიკთან".
რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, აგვისტოდან აღდგება. მანამდე კი ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია "აირზენა" ახორციელებს. ივლისში 2 სპეცრეისს კი კომპანიები "ვიზეარი" და "მაი ვეი" განახორციელებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნეს საქმიანობისთვის ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კვლავ მოუწევთ კარანტინის საკუთარი ხარჯებით გავლა.