ტელემაუწყებლები, რადიომაუწყებლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ცვლილებებს აპროტესტებენ. არასამთავრობოები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ.
ცენზურა და შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" პარლამენტის წინ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
საუბარია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მარეგულირებელს მედიაში მისთვის სასურველი დროებითი მმართველის დანიშვნის უფლებას ანიჭებს.
ეს არის ნაჩქარევად მომზადებული კანონპროექტი, რომელიც არსებითად აუარესებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის კანონპროექტები, რომელიც მარეგულირებელს აძლევს საშუალებას გრძელი ხელის საშუალებით მუდმივად ერეოდეს მაუწყებლების და ელექტრონული კომუნიკაციების სუბიექტების საქმიანობაში - ამბობს "საიას" ხელმძღვანელი სულხან სალაძე
სამწუხაროდ წარმოდგენილი ცვლილებები აკანონებს ცენზურას, უსაფუძვლოდ ლახავს საკუთრების უფლებას და სასამართლოს გზით უფლების თავისუფალ რეალიზაციას. მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია არჩევნებამდე 4 თვით ადრე ამგვარი კანონპროექტების ინიცირება" ამბობს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კანონპროექტის განხილვის შეჩერებას და პარლამენტიდან მის გაწვევას ითხოვენ. ამ მოთხოვნით 11-მა მედიაორგანიზაციამ დღეს ერთობლივი მიმართვაც გაავრცელა.
კანონპროექტს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში დღეს დაჩქარებული წესით განიხილავენ.