ცენზურის საფრთხე - 11 მედიაორგანიზაციის ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკის კონტროლის მექანიზმს - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც 11 მედიაორგანიზაცია აწერს ხელს.

საუბარია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მარეგულირებელს მედიაში მისთვის სასურველი დროებითი მმართველის დანიშვნის უფლებას ანიჭებს.

ხელმომწერი მაუწყებლები მივიჩნევთ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული და მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების შესახებ  (N07-2/494; 01.07.2020), სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და შესაძლებელს ხდის სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ევროპული კონვენციის მე-6 და მე-10 მუხლებთან და ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივასთან. შესატანი ცვლილებები უსაფუძვლოდ ლახავს გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრებისა და სასამართლოს გზით დაცვის უფლების რეალიზაციას,  წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან, სასამართლო კონტროლის გარეშე, მაუწყებლებისა და ავტორიზებული პირების საქმიანობის ტოტალური კონტროლის მექანიზმს.

საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება დასაბუთებისა და საჭიროებების გარეშე, 2020 წლის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ხელისუფლებას განზრახული აქვს მაუწყებლების კონტროლის გზით, წინასაარჩევნო პერიოდზე ზეგავლენის მოხდენა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დღემდე მიღებული გადაწყვეტილებები და კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაცია, რომელიც მეტწილად იყო მიმართული კრიტიკული მაუწყებლების საწინააღმდეგოდ, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები აწესებს ცენზურას და სრულ ძალაუფლებას ანიჭებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რაც უპირობოდ დააზიანებს მედია გარემოს. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, შეაჩერონ/გაიხმონ წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და უზრუნველყონ ყველა დაინტერესებული პირის, მათ შორის, მაუწყებლების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის ჩართვა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში

ხელმომწერი მაუწყებლები

  • „მთავარი არხი“
  • „კავკასია“
  • „ტვ პირველი“
  • „ფორმულა“
  • მედიაჰოლდინგი ჰერეთი
  •  რადიო ჰერეთი
  • რადიო თბილისი
  • რადიო ციტრუსი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • რადიო ფორტუნა
  • რადიო მწვანე 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი