20 ივნისის მოვლენებმა საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას - სუს-ის ანგარიში

გამოქვეყნდა:

ოკუპაციის პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საფრთხედ ასახელებს გასული წლის 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს.

​როგორც ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დღეს, 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას პარლამენტში განაცხადა, 20 ივნისის ღამის მოვლენებმა ქვეყნის პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით, 1 წლის წინ, ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას და უკონტროლო ვითარების შექმნის მცდელობას:

ცალკე გამოსაყოფია 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, რომელიც მტკივნეულად აისახა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობა და უკონტროლო ვითარების შექმნისკენ მიმართული  ქმედებები, ასევე აღნიშნულის მიღებულ ნორმად დამკვიდრების მცდელობები, მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობისათვის - ამბობს ხოჯევანიშვილი.

მისი თქმით, მსგავსი აქტივობები შესაძლოა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენონ.

ოპოზიცია კი სუს-ის ანგარიშს და ზოგადად უწყებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უწყება, რომელიც რეალურად ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, ოპოზიციის და განსხვავებული აზრის დევნითაა დაკავებული და პოლიტიკურ პოლიციადაა გადაქცეული. ამის დასტურად მათ ის ფაქტი მოჰყავთ, რომ ოკუპირებული ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს მთელი 8 წლის განმავლობაში ერთი ჯაშუშიც კი არ ჰყავს გამოვლენილი და დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი