ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსწავლემ რუსეთის დროშა ჩამოხია, რის გამოც მას საგაკვეთილო პროცესი დაატოვებინეს.
TV25-ს წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სკოლის დირექტორმა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ფაქტის შესახებ მოსწავლის მშობელს უკვე გაესაუბრა და ინციდენტიც ამოწურულია.
გამოცემის ცნობით ირკვევა, რომ შორენა ქონიაძემ ინციდენტის მთავარი დეტალი დამალა, სინამდვილეში, მოსწავლეს არა რუსეთის დროშა, არამედ აფხაზეთის დროშა ჩამოუხევია, რომელიც ცალკე სახელმწიფოდ იყო წარმოდგენილი.
მოსწავლეებმა მედიას სკოლის კედელზე განთავსებული სახელმწიფო სიმბოლოების ამსახველი სრული სურათი გაუგზავნეს.
მოსწავლეები tv25-თან ყვებიან, რომ თანაკლასელის პროტესტი იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღიარა და აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ წარმოადგინა.
აქვე შეგახსენებთ, დროშის ჩამოხევის გამო, TV25-ის ცნობით, მოსწავლეს სასწავლო პროცესი დაატოვებინეს. დირექტორმა მოზარდის მშობელი დაიბარა და დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. შორენა ქონიაძემ მოსწავლის ქმედებაზე მშობელს უსაყვედურა, ბავშვს კი გაფრთხილება მისცა.