გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ორშაბათიდან დამატებით ექსპერტიზებს აანონსებს. ამის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ "მთავარ არხთან" ისაუბრა. ამბობს, რომ ამ ექსპერტიზამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა, მომდევნო დღეებში კი პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი არაგვში.
ვიცი მათგან რომ დგას დღის წესრიგში და უნდა დაინიშნოს აუცილებლად. დეტალურად, ანალიტიკურ დონეზე უნდა გაეცეს პასუხი. პირველი ექსპერტიზის ფარგლები არ იძლევა იმის გასაქანს, რომ სრული ანალიზი გახდეს, ანუ რაც იყო მაქსიმუმი, ექსპერტიზამ გააკეთა თავის ფარგლებში და უკვე დამატებითი ექსპერტიზები საჭიროა იმისთვის, რომ დეტალურად შეისწავლოს, - ამბობს მირიან ნიკოლაძე.
ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ, 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის პოზიცია კატეგორიული გახდა. მათ ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ 19 ივნისის ღამეს გიორგის ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მდინარეში ჩააგდეს. ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ შაქრაშვილი წყალში ჩაგდების დროს ცოცხალი იყო.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ბრალდებულებისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს - "ტოიოტა ქამრის" მგზავრების მიმართ კვალიფიკაციის დამძიმებას არ ელოდებიან მათი ადვოკატები. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მათ დანაშაულს დაამტკიცებს.