
გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - ორი ჩვენება, რომელიც ე.წ. დიდუბის ეპიზოდთან დაკავშირებით საქმეში დევს და კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" რომელიც გამოძიებამ რვა ივლისს გამოკითხა, მას შემდეგ რაც "მთავარმა არხმა" კადრები გაავრცელა.
ბილანიშვილი ამტკიცებს, რომ ნარეკვავის ტრაგედიის საქმესთან კავშირი არ აქვს და მომხდარის შესახებ 19 ივნისს, დილით ტელევიზიით შეიტყო. თუმცა მედიაში მცხეთაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია იმ დღეს არ გავრცელებულა. ბილანაშვილი გამოკითხვაში ამბობს, რომ ის იმყოფებოდა სახლში და საქმეში სატელეოფნო ამონაწერებიც დევს, რომლითაც ირკვევა, რომ მან 18-19 რიცხვში ზარები ჩვეულებრივად განახორციელა, თუმცა ღამის 12 საათის შემდეგ ზარები არ განხორცელებულა. არის თუ არა ეს ჩანაწერები სრულად, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული დასკვნების გაკეთება არ შეგვიძლია, თუმცა აღნიშნული ჩანაწერები საქმეში დევს.
მეორე ფიგურანტი ხაშურელი ხელოსანი ლაშა ლურსმანაშვილი, რომელიც გამოძიებამ იმავე საღამოს გამოკითხა, მედიასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ თბილისში ღამის 12 საათზე პირად საქმეზე ჩამოვიდა, თუმცა რა მიზნით, ეს ჩვენებაში არ ჩანს და მეტიც, არც ახსოვს იმ მეგობრის მისამართი, რომელთანაც ტაქსით მივიდა და დარჩა. თბილისში კი მიკროავტობუსით ჩამოვიდა, რომელიც შემთხვევით გააჩერა და დიდუბეში ჩამოიყვანა.
აღსანიშნავია, რომ დიდუბის ეპიზოდთან დაკავშირებით, საქმეში არსებული ყველა ჩვენება იდენტურია, გამოძებას ყველა მოწმე ერთსა და იმავე ინფორმაციას აწვდის. საზოგადოებას შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს ჩვენებები ერთმანეთთან ერთგვარად შეთანხმებულიც კი არის.