სად მოკლეს გიორგი შაქარაშვილი?!

გამოქვეყნდა:

18-19 ივნისის უმთვარო ღამე იყო, საავტომობილო ტრასის განათება ვერ აღწევდა. მდინარის სანაპირომდე მისასვლელად საკმაოდ მოზრდილი ჭალის გავლაა საჭირო, სადაც დამალვა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს ბნელ ღამეს და მით უმეტეს თუ მოწმეთა ჩვენებს დავუჯერებთ, შაქარაშვილი ყველაზე წინ მირბოდა. 

სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე ჩანთა კვალის ასარევად დატოვეს. რათა ამ მტკიცებულებით და მოწმეთა ჩვენებებით შექმნილიყო ილუზია, რომ შაქარაშვილი, რომელიც მდევრებისგან გაქცევას ცდილობდა, ჩავიდა მდინარესთან, სადაც მას უბედური შემთხვევა შეემთხვა. 

ხიდიდან, სადაც, გიორგი შაქარაშვილის კვალი წყდება, მდინარე არაგვი პირველ მეჩხერ ადგილს დაახლოებით 170 მეტრში აღწევს. რელიეფი ერთდაერთ გზას ტოვებს ცხედრის წასაღებად - კალაპოტის მარჯვენა მხარეს.

ხიდიდან დაახლოებით 300 მეტრში კუნძულია, რომლის მარცხენა შემოსავლელი ისევ მეჩხერ ჩიხში შედის. ამ ბარიერის გადალახვა ან ცხედარს დაეტყობოდა, ან ტანსაცმელს დააზიანებდა. თეორიული გასასვლელები ისევ მარჯვენა მხარეს რჩება.

უკვე 600 მეტრში კიდევ ერთი კუნძული და კიდევ ერთი დელტაა. აქ მდინარე ყველაზე ღრმა ადგილებში წელამდე აღწევს. 

ადგილი, სადაც შაქარაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს, 850 მეტრითაა დაშორებული იქიდან, სადაც მისი ჩანთა იპოვეს. ამ ყურეს ძირითადი დინებისგან მცირე კუნძულები ყოფს. დინებას ამ არხში ცხედარი მარცხენა მხრიდან უნდა შემოეტანა, ან 19 ივნისის ღამეს დინება იმდენად დიდი უნდა ყოფილიყო, რომ ყველა კუნძული დაეფარა.  

სამაშველო სამსახურის ყოფილ უფროსს არაგვში ნაპოვნი ცხედრის ფოტოები ვაჩვენეთ. ვკითხეთ, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ არც თუ ისე ღრმა მდინარეს არაგვის ხიდიდან ცხედარი 850 მეტრზე წამოეღო, გადაეგორებინა მეჩხერ ადგილებში, გამოევლო რთული არხები და ეს ყველაფერი ისე, რომ ცხედარს არათუ კვალი არ დატყობოდა, პერანგის ღილებიც კი არ გაეხსნა. 

იქ, სადაც შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს, ყოველდღიურად თევზაობს რამდენიმე ადამიანი. ბევრი მათგანი არც წელამდე წყალში გავლას ერიდება. რატომღაც, ვერ ერთმა მათგანმა, ამ მეჩხერ წყალში ცხედარი ვერ იპოვა. 

არის ერთი დიდი განსხვავება იმ ადგილებს შორის, სადაც შაქარაშვილის კვალი იკარგება და სადაც ცხედარი იპოვეს. ხიდის ძირამდე, იქ სადაც ჩანთა იდო - მანქანა ვერ მიდის, თუკი შაქარაშვილი წინასწარ გაზრახვით გადააგდეს წყალში, იძულების კვალი მის სხეულსაც უნდა დატყობოდა და ტანსაცმელსაც. ხოლო იქ სადაც ცხედარი იპოვეს, გრუნტიანი საავტომობილო გზა მიდის სწორედ იმ შენობიდან, სადაც ფოტოგრაფი იმალებოდა. ადგილი საიმედოდაა მოფარებული ტრასიდანაც, რაც ბოროტმოქმედებს დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად წარმოდუგენლად დიდ დროსა და სივრცეს უტოვებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი