ვინ არის თეთრპერანგიანი მამაკაცი "კაწრო" თუ "კაწრო მეორე" - შაქარაშვილის ბურუსით მოცული საქმე

გამოქვეყნდა:

ე.წ დიდუბის ეპიზოდის ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში პირველი ავთანდილ ბილანიშვილი დაიბარეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ''კაწრო'' თეთრპერანგიანი მამაკაცი არ არის, თუმცა მისმა ჩვენებამ საქმეში კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება გააჩინა. გამომძიებლები არ აწვალა, გამოკითხვაზე მისვლამდე მაგთიკომის ოფისში თავად შეიარა და სატელეფონო ამონაწერებიც მიიტანა. დგინდება, რომ 18 ივნისს ბილანიშვილის ტელეფონზე ბოლო ზარი 21 საათსა და 48 წუთზე განხორციელდა. 19 ივნისს კი, "კაწროს" ბოლო კომუნიკაცი 18 საათსა და 43 წუთზე შედგა. ავთანდილ ბილანიშვილი ამტკიცებს, რომ ის სახლში იყო და შაქარაშვილის საქმესთან შეხება არ ჰქონია. 

მეორეს მხრივ კი, საეჭვოა ავთო ბილანიშვილის გამოკითხვის ოქმი, სადაც ის პირდაპირ და მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ 19 ივნისს, ტელევიზიით გაიგო, როცა მედიაში ეს ინფორმაცია იმ დღეს, საერთოდ არ გავრცელებულა. ეს ინფორმაცია პირველად ტელევიზიებმა შაბათს, 20 ივნისს გაავრცელეს. შეეშალა თუ წამოცდა ბილანიშვილს ეს თარიღი უცნობია.

ავთო ბილანიშვილის შემდეგ საგამოძიებო უწყებაში ხაშურელი ხელოსანი დაიბარეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თეთრი მიკროავტობუსით ლაშა ლურსმანაშვილი ჩამოვიდა და გური ამირხანაშვილთან კომუნიკაციაც სწორედ მას ჰქონდა. თითქმის ორსაათიანი გამიკითხვის დროს ლურსმანაშვილი გამოძიებას ერთი შეხედვით, უჩვეულოდ ამომწურავ ინფორმაციას ქრონოლოგიურად აწვდიდა. 

თუმცა, ყველაზე საეჭვო, მისი დედაქალაქში ჩამოსვლის მიზეზია. გამოკითხვის ოქმში ვერსად ნახავთ, რა საქმისთვის ჩამოვიდა ხაშურელი ხელოსანი თბილისში და თან შუაღამით. გამოძიება დეტალებით არ დაინტერესებულა. თუ მისი ჩამოსვლის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რატომ დარჩა მეგობრის სახლში, რომლის მისამართიც ზუსტად არ იცოდა, ესეც გაურკვეველია. საინტერესო კი ისაა, რომ ღამე თვითონაც ნაძალადევში, დადიანის გამზირზე გაათენა.

ლაშა ლურსმანაშვილის დედა ირწმუნება, რომ კადრებში ნამდვილად მისი შვილია და თბილისში წასვლისას თავად გააცილა. ამტკიცებს, რომ პირად საქმეზე მიდიოდა. ტანსაცმელი 18 ივნისს საგანგებოდ ხაშურში შეიძინა, რადგან იმ დღეს მისი ცოლის ძმის ნიშნობას აღნიშნავდნენ. კითხვის ნიშნების მოსახსნელად ოჯახი ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას იმ ტერიტორიიდან ითხოვს, საიდანაც მათი მტკიცებით, ლაშა ლურსმანაშილი თეთრ მიკროავტობუსს გამოჰყვა. 

რვა ივნისის ღამით გამოიკითხა თეთრი მიკროავტობუსის მძღოლიც. ჩვენების მიხედვით, ალექსანდრე ლომიძეს ქუთაისიდან თბილისში, ბოსტნეული მოჰქონდა, რა დროსაც ხაშურში ლაშა ლურსმანაშვილი შეხვდა. საგულისხმოა ის, რომ ავტომობილის მძღოლს, რომელიც გვიან ღამით გადაადგილდება ზუსტად ახსოვს, უცნობი მგზავრის ჩაცმულობა. 

იმავე დღეს ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა ალექსანდრე ლომიძის შვილმაც, რომელიც მტკიცებით ფორმაში ამბობდა, რომ გამოძიებამ ყველაფერი დაადგინა, ყველა კამერა ამოიღო და საქმეზე შეკითხვები აღარ არსებობდა. შეკითხვები "მთავარს" მაინც დარჩა, თუმცა თეთრი მიკროავტობუსის მძღოლმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. 

უცნაურ დამთხვევებს კიდევ ერთი ემატება - ალექსანდრე ლომიძის ფაქტობრივი და ოფიციალური მისამართიც ჩუღურეთია. 

სამართალდამცველებმა ცხრა ივნისს "ტოიოტა პრიუსის" იმ ტაქსის მძღოლი გამოკითხეს, ვინც ლაშა ლურსმანაშილი ნაძალადევის რაიონში მიიყვანა. ჩვენებების წაკითხვის დროს რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავარი სათქმელი შეთანხმებულია. ანზორ მანჯავიძის გამოკითხვის ოქმში არ არის მითითებული ზუსტი მისამართი, სად დატოვა ხაშურელი ხელოსანი. ამბობს, რომ მისი ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა რატომღაც კარგად ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა ის. 

რატომ ჰგავს დიდუბის ეპიზოდზე გამოკითხულ პირთა ყველა ჩვენება ერთმანეთს და რას მალავს საგამოძიებო უწყება, უცნობია. კრიმინალური პოლიცია ამ ფაქტით "მთავარი არხის" ეთერში შვიდ ივლისს გასული ვიდეოკადრების შემდეგ დაინტერესდა. თეთრპერანგიანი პირის იდენტიფიცირება მეორე დღესვე მოხდა. თუმცა, არის თუ არა ახალი ფიგურანტი ლაშა ლურსმანაშილი? ეს ეჭვი საზოგადოებას დღესაც აქვს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი