ამ ეტაპზე მე არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას. ერთადერთი, შემიძლია ვუთხრა, როგორც ყოველთვის ვეუბნები, წყაროს წარმომავლობა - ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სასამართლოში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.
"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტელევიზიის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების სერიაა.
სხვა არხების დირექტორებისგან განსხვავებით, მე ჟურნალისტურ საქმიანობასაც ვეწევი, თუმცა ჟურნალისტი არ ვარ და ალბათ აქედან გამომდინარე დამიბარეს. ვიდრე ჟურნალისტობას მივყოფდი ხელს, მანამდეც მიბარებდნენ. ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტრად მე მივიჩნევი, ამიტომ აქ უფრო ხშირად ვარ, სამსახურში თუ სახლში, ეგ ზუსტად არ ვიცი, - ამბობს გვარამია.
მანამდე კი პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებას კითხვები სწორედ წყაროსთან დაკავშირებით ექნება. ადვოკატის თქმით კი, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, უფლება აქვს არ გაასაჯაროოს წყარო, საიდან მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია.
ერთადერთი, რაც გვითხრეს, არის ის, რომ დაკითხვა უკავშირდება შაქარაშვილის საქმეს. მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა, შესაბამისად, არც პოზიციები გვაქვს ჯერ ჩამოყალიბებული იმიტომ რომ ამ დრომდე არ ვიცით, რა კითხვები იარსებებს. პასუხები დამოკიდებული იქნება ზუსტად იმაზე, თუ რა კითხვებს დაუსვამენ. ნიკა გვარამიას, როგორც ჟურნალისტს აქვს უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომ არ გათქვას წყარო, საიდან მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია. რამდენად ისარგებლებს ამ უფლებით, ეს არ ვიცი, დამოკიდებული იქნება იმაზე, კონკრეტულად რა კითხვები იქნება, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
მანამდე კი, გუშინ, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს, თუმცა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა და გამოთქვა მზადყოფნა, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხულიყო. ნიკა გვარამია დღეს შაქარაშვილის საქმეზე სწორედ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.