გიორგი შაქარაშვილის ბიძამ "მთავარ არხს" კომენტარი 21 ივნისს მისცა. ამ დღეს 19 წლის ფეხბურთელს მდინარე არაგვში ეძებდნენ. მირიან ნიკოლაძე პირველივე დღიდან მკვლელობის ვერსიას გამორიცხავდა. მიუხედავად ოთხდღიანი უშედეგო სამძებრო სამუშაოებისა, ადვოკატი ამტკიცებდა, რომ გიორგი შაქარაშვილი მაღალი ალბათობით ცოცხალი იყო და შიშის გამო თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარა.
გიორგი შაქარაშვილის დაღუპვიდან სამი კვირის შემდეგ, ბიძას ეჭვი აღარ ეპარება, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და შემდეგ მდინარე არაგვში გადააგდეს. 19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარებიდან პირველივე დღეს "მთავარი არხი" გიყვებოდათ მკვლელობის იმ ვერსიებზე, რომლებიც სინამდვილესთან ახლოს იყო. გარდაცვლილის ბიძა ყველა ჩვენს ვერსიას უარყოფდა. ამბობდა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და ჩანთა, რომელიც შემთხვევის ადგილას იყო, გიორგი შაქარაშვილს არ ეკუთვნოდა.
წინააღმდეგობები მირიან ნიკოლაძის მიერ მიცემულ ინტერვიუებსა და საქმის გარემოებებს შორის რადიკალურად განსხვავებულია. "მთავარი არხი" არაერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობდა. კითხვა, ხომ არ იყო სპორტსმენების დაჯგუფება მცხეთაში განგებ ასული, თავიდანვე დაისვა. გაჩნდა ეჭვი, ხომ არ შეეძლოთ ნახალოვკელებს გიორგის მეგობრების დაშინება, თუმცა ბიძა ამასაც გამორიცხავდა.
ყველაზე უცნაური კი ერთი დეტალია. იმ დროს, როცა გამოკითხვების დაწყებისთანავე ყველაზე მეტი ეჭვი გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, გუკა ამირხანაშვილის ჩვენებებმა გააჩინა, დაღუპული ბიჭის ბიძას მასთან კითხვა არ აქვს. არ აეჭვებს არც დიდუბეში უცხო ახალგაზრდასთან კონტაქტი. ამტკიცებს, რომ გუკა ამირხანაშვილმა, მას და გიორგი შაქარაშვილის დას უამბო, როგორ გააჩერა დიდუბეში სამარშუტო ტაქსი და მძღოლს ტელეფონიდან დარეკვა სთხოვა. ეს არგუმენტი კიდევ უფრო უცნაურად ჩანს იმ დროს, როცა ამ თემაზე დიდუბის ეპიზოდის არცერთ მონაწილეს დაკთხვისას არ უსაუბრია.
დანაშაულისა და დამნაშავეების მიმართ ასეთმა ლოიალურმა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დაკავებული პირების მიმართ მტკიცებულებები თითქმის აღარ არსებობს. ამ შედეგებით კი, კონკრეტულად ვის წაუყენებენ ბრალს 19 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობისთვის, ჯერ არავინ იცის. ბრალდებულების ადვოკატები ვარაუდობენ, რომ საქმე უიმედოა და კონკრეტული ბრალდებული ვერ გამოიკვეთება.
ცხედრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია წყალში დახრჩობითაა. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარს სიკვდილის წინა და ახლო პერიოდში მიღებული, ასევე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები აღენიშნება. საქმეზე დაკავებული 17 პირიდან კვლავ უცნობია, ვინ მოკლა 19 წლის გიორგი შაქარაშვილი.