საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. გვარამიას გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტელევიზიის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების სერიაა.
სამართალდამცველები დაინტერესდნენ გვარამიას წყაროთი, ვინ აწვდის "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ფეხბურთელის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუმცა ნიკა გვარამიამ მათ ეს ინფორმაცია არ მიაწოდა.
პირველი, წყაროებთან დაკავშირებით, როგორც უკვე გითხარით შესვლამდე, მე არ გავამხილე წყარო, არ მივიჩნევ საჭიროდ. მეორე შეკითხვა იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც მე ეთერში გამოვთქვამ, როგორც ლოგიკურ ვარაუდს, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები და ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის. მეკითხებოდნენ, ეს ფაქტი ვინ გითხრა. ვეუბნებოდი, რომ ფაქტი რომ მცოდნოდა, ვიტყოდი მტკიცებით ფორმაში და გადმოვცემდი როგორც ფაქტს. მაგრამ ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა და მას აქვს თავისი ტექნიკა წარმოების და ამიტომ მე ვავითარებ ჩემს მოსაზრებებს, ლოგიკურ ჯაჭვებს. მხოლოდ და მხოლოდ ის მაიძულებს, რომ ასე მოვიქცე, რომ გამოძიება ამ ყველაფერს მალავს. ყველაზე კარგი მაგალითია ე.წ. "ხაშურელი კაწროს" ამბავი, რომელზეც მითხრეს, ეს ჩვენი მასალებიაო, თქვენი ფაქტი როგორააო. მე არც მითქვამს არსად რომ ჩემი ფაქტია. მათი მასალებია, მაგრამ არავინ გააშუქა. ჩვენც არ გავაშუქეთ მათ შორის, იმიტომ რომ იქ თუ გახსოვთ, ნახევრად ქუჩაზე გადასვლაა, მერე უკან გადმოსვლაა და ყველამ ჩათვალა, რომ ამით მთავრდება ყველაფერი და ჩაჭრა და მე ავხსენი მარტივად რატომ არ გაშუქდა არავის მიერ. იმიტომ კი არა, რომ დაგვეზარა ბოლომდე ყურება, იმიტომ რომ მაგალითად ეს ვიდეო, მათ მიერვე მოწოდებული ვიდეო და ამას ვადასტურებ, ეს ეთერშიც ვთქვით, არსად გარჩეულა მათ მიერვე, არავისთვის კითხვა არ დაუსვამთ. არც ამირხანაშვილისთვის უკითხავთ, ვინ არის ეს კაცი რომ მოდის, რას გელაპარაკება, რას გეუბნება.. ანუ, ეს არის დამალული ნაწილი, რომელიც შემთხვევით გაეპარათ მტკიცებულებებში. ცხადია, რომ როდესაც ასეთ რამეს ხედავ, გამადიდებელი შუშით და ეჭვით უყურებ ბუნებრივია და შენ თვითონ ცდილობ ლოგიკური დასკვნები გააკეთო. რა ვიცი ზუსტად, ეს აინტერესებდათ, ანუ, როგორც ფაქტი. როგორც ფაქტი ვიცი "კაწროს" მონაწილეობა, ამას არ უარვყოფ და ამაზე იქნება კიდევ და კიდევ ჩვენი მამხილებელი გამოძიებები. ეს ვიცი ზუსტად. მონაწილეობა არა იქ ასვლით, არა მკვლელობაში მონაწილეობით, არამედ ჩაფარცხვით. ზოგადად, გამოძიებას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ მკვლელების აღმომჩენები და გამომძიებლები არ ვართ, ჩვენ ვართ გამომძიებელი ჟურნალისტები. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქმე გაიხსნას, - ამბობს გვარამია.
მანამდე კი, გუშინ, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს, თუმცა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა და გამოთქვა მზადყოფნა, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხულიყო.