მედიაში გასული ანონსის შემდეგ, შსს-მ 24 ივნისს მომხდარ დაჭრაში ბრალდებულები დააკავა, მათ შორის, "ოცნების" დეპუტატის შვილი

გამოქვეყნდა:

მედიაში გასული ანონსის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 24 ივნისს მომხდარ დაჭრაში ბრალდებულები დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი მმართველი პარტიის დეპუტატის შვილი იყო. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ 2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ მომხდარი ფაქტის გაშუქებას აპირებდნენ.

"ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი