მე პირადად ამ კონკრეტულ ჩართულ შადრევანზე ხელით ვარ შეხებული წყალსაც, არანაირი პრობლემა არ ყოფილა - გიგაშვილი

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ ვაკის პარკის შადრევნის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, ტენდერის ყველა დოკუმენტაცია საჯაროა.

მისივე თქმით, მიღება-ჩაბარების ყველა აქტს ექსპერტიზა ჩაუტარდა აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ:

"პირადად მე, სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან. კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩემი ბრალეულობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი ვაგო. ყველა დოკუმენტაცია, რაც ამ ტენდერს ეხება არის საჯარო. ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლის 22 სექტემბერს, როდესაც დაიწყო სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ობიექტის მთლიანი ან ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება. დღეის მდგომარეობით, შვიდი ეტაპი გვაქვს გავლილი. ექვსი დამოწმებულია და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია. ყველა მიღება-ჩაბარების აქტს, რაც მერიაშია წარმოდგენილი, ექსპერტიზა ჩაუტარდა, ასევე, ტექნიკური ზედამხედველობა აქვს გაწეული ლაბორატორიის მიერ", - თქვა მან.

გიგაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისას, წარმოდგენილი ინფორმაციით, ვაკის პარკში განხორციელებული ყველა სამუშაო პროექტის შესაბამისად განხორციელდა.

"როდესაც ხელი მოვაწერე მიღება-ჩაბარების აქტს, წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდებოდა და პრაქტიკაშიც გატესტილი იყო, რომ ტერიტორიაზე ჩატარებული ყველა სამუშაო პროექტის შესაბამისად განხორციელდა. მე პირადად ამ კონკრეტულ შადრევანზე მონაწილეობა მაქვს მირებული შადრევნის გასწორებაში, მექანიკურად, ხელით ვარ შეხებული წყალსაც პირადად, არანაირი პრობლემა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე არ ყოფილა. ეს შადრევანიც რეგულარულად მოწმდებოდა გამართულად მუშაობდა თუ არა. არც ერთ დღეს, არც ერთ ეტაპზე მას ექსპლუატაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ ჰქონია", - აღნიშნა გიგა გიგაშვილმა.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოზარდს, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოდან გუშინ, 14 ოქტომბერს გაწერეს, მეორე მოზარდის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა და ის მართვით სუნთქვიდან მოხსნეს.  

მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

თბილისის მერიამ  ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევანი და მცირე კასკადი 12 ოქტომბერს ტრაგედიამდე 1 დღით ადრე გახსნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი