ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებით, ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება მათ არ ჩაუტარებიათ.
მითივე ცნობით, ბიურო ამჟამად ჩართულია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
"სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი გოგონას ოჯახს.
ამ ტრაგიკული ფაქტის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი მაღალია და ვრცელდება არაერთი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია ექსპერტიზების შემსრულებელ ორგანიზაციასთან დაკავშირებით.
გვინდა განვაცხადოთ, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არ განხორციელებულა.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამჟამად ჩართულია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები" - წერია განცხადებაში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევანი და მცირე კასკადი 12 ოქტომბერს ტრაგედიამდე 1 დღით ადრე გახსნა.