პასუხისმგებლობას არავინ იღებს. თბილისის მერია, გრინსერვისი, მშენ ექსპერტი, საპროექტო კომპანია "ელ-ემ-სი" - ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამუშაოები უხარვეზოდ შეასრულა. უფრო მეტიც, უწყებებმა და კომპანიებმა ფრთხილად, მაგრამ უკვე დაიწყეს ხარვეზებში ერთმანეთის დადანაშაულება.
"გრინსერვისი" ამტკიცებს, რომ სამუშაოები ჩაატარა ისე, როგორც პროექტში იყო მითითებული. მერია ამტკიცებს, რომ ენდო საექსპერტო კომპანიას, რომელმაც შადრევანი შეისწავლა. დამპროექტებელ კომპანიაში კი დარწმუნებულები არიან, რომ მათი დოკუმენტაცია ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
მთავარი შეკითხვა - რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გაჟონვა შადრევანში, ამ დრომდე უპასუხოა. გამოძიება ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს, თუმცა სამართალდამცველები აშკარად გააქტიურდნენ. დღეს ჩხრეკა ჩატარდა მშენ-ექსპერტის ოფისში, რამდენჯერმე ზედიზედ დაკითხვაზე დაიბარეს კომპანიების ხელმძღვანელები და თანამშრომლები და რაც ყველაზე ნიშანდობლივია - ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მივლენილია თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე - სავარაუდოდ გამოძიებაზე, დაჩქარების მიზნით ზეწოლისთვის.