"ტუმბოები ისე განხორციელდა, როგორც პროექტში იყო" - მერიაში კომპანია LMC-ს პასუხობენ

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკის შადრევანში ტუმბოების მონტაჟი ისე განხორციელდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია. მერიამ დღეს კომპანია LMC-ის ადვოკატს კიდევ ერთხელ უპასუხა და მის განცხადებებს, რომ ვაკის პარკის შადრევნის პროექტი   შეცვლილია, სამწუხარო უწოდა.

დამპროექტებელი ამტკიცებს, რომ  მერიამ პროექტი თვითნებურად შეცვალა და 220 ვოლტიანი აგრეგატები პირდაპირ წყალში ჩააყენა. LMC-ში ამბობენ, რომ ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები მათი პროექტით, გარეთ იყო გამოტანილი.

„ძალიან სამწუხარო განცხადებაა. პროექტში ნათლად არის მითითებული, თუ რა ტიპის ტუმბოები უნდა იყოს პროექტში. პროექტში გათვალისწინებული იყო ჩაძირული ტუმბო, მრგვალ შადრევანზე, რომელიც მითითებულია, რომ ჩაძირული უნდა იყოს, შესაბამისად, ეს ტუმბო გარეთ ვერ იქნებოდა. ეს ტუმბო რომ გარეთ ყოფილიყო, სხვა ტიპის ტუმბო უნდა ყოფილიყო.

ნახაზი გვაქვს, სადაც მითითებულია რამდენი ტუმბო უნდა ყოფილიყო, სად უნდა ყოფილიყო. მესამე ნახაზში, რომელიც დამოწმებულია ავტორის მიერ, ნათლად ჩანს, თუ სად არის ტუმბო და სად უნდა ყოფილიყო. ძალიან სამწუხაროა ავტორის მხრიდან ასეთი განცხადებები. ფაქტობრივად, ტუმბოები ისე განხორციელდა, როგორც პროექტში იყო. სულ რომ ამას იძახდეს ეს ადამიანი, მას ხელშეკრულებით ევალებოდა, პროექტის ნებისმიერ ცვლილებაზე, პროექტის მსვლელობაზე საპროექტო ზედამხედველობის გაწევა.

ეს ადამიანი ჩართული იყო, როგორც სამშენებლო პროცესში, ასევე გახსნამდე ადგილზე იყო და ზუსტად იცოდა როგორ განხორციელდა სამუშაოები. არც ერთხელ მისგან არ დაფიქსირებულა პრობლემა“,- ამბობს მერის მოადგილე.

კითხვაზე, რატომ არ დამონტაჟდა გერმანული ხარისხის ტუმბო, რომლის დამონტაჟებაზეც მიუთითებდა პროექტის ავტორი, მერის მოადგილე განმარტავს, რომ შესაბამისმა სამსახურმა ის პროდუქტი წარმოადგინა, რომელიც აკმაყოფილებდა ტექნიკურ მახასიათებლებს, ასეთი კი ჩინური ტუმბოა.

„ესეც დიდი სისულელეა, პროექტში არ შეიძლება ჩაიდოს მწარმოებელი ქვეყანა. ეს არის კანონმდებლობის დარღვევა. პროექტში იდება ტექნიკური მახასიათებლები, შესაბამისად, ის პროდუქტი წარმოადგინა, რომელიც აკმაყოფილებდა. ჩინური ტუმბოა დაყენებული, ეს ტუმბო აკმაყოფილებდა. პროექტი რეკომენდაციას არ ითვალისწინებს, ტექნიკური მახასიათებლები იდება, არ შეიძლება მწარმოებელი ქვეყანა ჩადო, თორემ ჩვენც გვინდოდა კარგი ხარისხის შეგვეკვეთა“,- განაცხადა ბასილაიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი