13 წლის მარიტას სიცოცხლე გულგრილობას, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, უსაფრთხოების წესების დარღვევას და დოკუმენტების გაყალბებას შეეწირა. პოლიციამ სწორედ ამ ბრალდებებით დააკავა 9 ადამიანი. ელექტროშემდუღებლები, ინსპექტორები, მენეჯერები, დირექტორები და ჩინოვნიკები - გამოძიება მათ ადანაშაულებს მოვლენათა ჯაჭვის შექმნაში, რომელსაც უმძიმესი ტრაგედია მოჰყვა. დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროში აღწერეს საკუთარი ვერსია იმისა, თუ როგორ განვითარდა დანაშულებრივი პროცესი და ვის რა როლი ჰქონდა ამ სქემაში.
ყველაფერი დაიწყო თბილისის მერიიდან წამოსული ბანალური თხოვნით, რომ აუზში შავი მილები თეთრად შეეფუთათ. სწორედ ამ თხოვნის შემდეგ დაიწყო პროცესი - გრინსერვისმა მიმართა ქვეკონტრაქტორს, იმან დაიქირავა ორი შემდუღებელი, რომლებმაც სავარაუდოდ უსაფრთხოება დაარღვიეს, რაც არავინ გადაამოწმა და მერიამაც ისევ ჩაიბარა სამუშაოები. შედეგად მივიღეთ ტრაგედია. დაკავებულებს კი, ვისაც ბრალი დაუმტკიცდება 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ელით.