
ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 9 პირს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ. ყველა დაკავებული ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ცოტა ხნის წინ დაწესებულება დატოვეს დაკავებულების უფლებადამცველებმა. ადვოკატებს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ.
"გრინსერვისის" წარმომადგენლების უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები შსს-ს ბრიფინგზე დასახელებულ ბრალს არ ეთანხმებიან.
"ამ ეტაპზე დაკავების ზოგად მიზეზებზე შეგვიძლია, ვისაუბროთ და შემიძლია გითხრათ, რომ იქნება ექსპერტიზა თუ ნებისმიერი სხვა მოქმედება ბატონი ლაშა და 2 პირი მიიჩნევენ, რომ ყველა მოქმედება განხორციელებულია კანონის სრული დაცვით, მათ დაკისრებული ვალდებულებები არ დაურღვევიათ, ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი ღრმა რწმენით, ჩატარებულია",- ამბობს ოთარ ფურცელაძე, "გრინსერვისის" დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი.
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე დაკავებული მერიის თანამშრომელი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს.
"ამ საქმეში გამოძიებისთვის ფაქტობრივად ყველაფერი არის ცნობილი, მათ შორის შიდა კომუნიკაციებიც. ამ ეტაპზე ბატონი გიორგი დუმილის უფლებას გამოიყენებს. ძალიან ბევრი მიმართულებაა: მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება სხვა და სხვა. გავეცნობით საქმის მასალებს, რომლებიც გადმოგვეცემა დღეს ან ხვალ, გავაკეთებთ ანალიზს და ამის მიხედვით ჩამოყალიბდება პოზიცია"- ამბობს მისი ადვოკატი, კახა წერეთელი.
შსს-ს განცხადებით, გრძელდება გამოძიება და არაა გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. 9 პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე სხვადასხვა ბრალდებით გუშინ, 18 ოქტომბერს დააკავეს.
ავტორი: საბა ბუაძე.