
პროკურატურა 20 ივნისს დაშავებულ კობა ლეთოდიანს დაზარალებულის სტატუსს ისევ არ აძლევს. 20 ივნისის ღამის მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა გამოძიება ამ დრომდე სწავლობს მომხდარის დეტალებს.
ლეთოდიანის მიმართ გაგზავნილ ბოლო უარის წერილში ვკითხულობთ, რომ ახლა შესწავლის საგანია მოხდა თუ არა სპეციალური საშუალებების გამოყენება კანონით დადგენილი წესის დარღვევით. გარდა ამისა დანიშნულია ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს კობა ლეთოდიანის მიერ მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, მექანიზმი და გამომწვევი მიზეზები. პროკურატურა ამბობს, რომ ვინაიდან ჯერ დასკვნა მზად არ არის დაზარალებულად ცნობის საფუძველიც არ არსებობს.
ლეთოდიანი ახლა ვერცერთი თვალით ვეღარ ხედავს. ერთი თვალი მან აფხაზეთი ომში დაკარგა, მეორე კი 20 ივნისის დარბევის დროს დაუზიანდა.