
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმეზე მორიგი პროცესი იმართება. თითქმის ორწლიანი სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება. სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით ისარგებლებს.
სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარსდგება ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ის ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე ამბობს, რომ აქვს მოლოდინი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული. არსებული ცნობებით, ნელი დოროყაშვილი დღევანდელ სხდომას არ დაესწრება.
ცნობისთვის, ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. სასამართლომ სპორტსმენს 100 ათას ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.