მორიგი თავდასხმა გუდაურში. კაფე-ბარ "მთვრალი ალუბლის" მფლობელს ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მომხდარის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მოიპოვა. 30 წუთიან ვიდეომასალაში ჩანს, რომ მამაკაცი ჯერ დაწესებულების დაცვის თანამშრომლებს უსწორდება ფიზიკურად, დაძაბულ სიტუაციას თავდამსხმელს ბარის მფლობელი მირანდა ესაკია არიდებს, რამდენიმე წუთის შემდეგ ის ისევ უკან ბრუნდება და გოგონას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
ინციდენტი გუდაურის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე საღამოს 8 -ის ნახევარზე მოხდა. დაწესებულების ადმინისტრაციაში ამტკიცებენ,რომ თავდამსხმელი მთვრალი იყო და ტურისტებით სავსე ბარში შესვლას ითხოვდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ამოღებულია მთავარი მტკიცებულებაც - ვიდეო კადრები და ცნობილია დამნაშავის ვინაობაც, თუმცა პოლიციას ის ჯერ არ დაუკავებია. გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება,რომელმაც მირანდა ესაკიას დაზიანებებზე დასკვნა უნდა დადოს.
ასევე არ დაუკავებიათ მოძალადე, რომელიც 2 კვირის წინ მირანდა ესაკიას შვეიცარიელ მეუღლეს თავს დაესხა და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა,როდესაც ტურისტებს და კაფე-ბარების მეპატრონეებს აგრესიული ადგილობრივები თავს ესხმიან. კურორტის დამსვენებლები და იქ დასაქმებული ადამიანები კრიმინალური ვითარების გამო შოკში არიან. კურორტზე ამბობენ, კრიმინალური ვითარების მოსაგვარებლად პოლიცია არაფერს აკეთებს და ნათესაური კავშირის ან უბრალო ნაცნობობის გამო დამნაშავეებს არ სჯის.