შესაძლოა შედეგების გამოსწორება ვეღარ მოხდეს - ომბუდსმენი საკონსტიტუციოს სარჩელების განხილვას სთხოვს

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილოს ის კონსტიტუციური სარჩელები, სადაც მოთხოვნილი აქვს სადავო ნორმების შეჩერება.

სახალხო დამცველი, როგორც საკონსტიტუციო სამართალწარმოების მხარე, ამ დროისთვის, მის სამ კონსტიტუციურ სარჩელში ითხოვს სადავო ნორმის შეჩერებას. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირებული იქნა 2022 წლის 17 თებერვალს, 6 მაისს და 23 აგვისტოს.

"ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული სარჩელებიდან 2, უშუალოდ შეეხება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას. კერძოდ, 1684-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი შეეხება გარკვეული კატეგორიის პირთათვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით თანასწორად სარგებლობის უფლების შეზღუდვას.

#1724 კონსტიტუციური სარჩელით კი, სადავოდაა გამხდარი 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობების განხორციელება შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად.

სახალხო დამცველის 1700-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი 2021 წლის დეკემბერში, დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლებითაც: ოთხჯერ გაიზარდა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში არა-ნებაყოფლობით მივლინების ვადები; ასევე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესში გაჩნდა მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების შესაძლებლობა, რაც შესაძლებლობას იძლევა რომ მოსამართლეს მყისიერად შეუწყდეს უფლებამოსილება. მხედველობაშია მისაღები, რომ ანალოგიური შინაარსის კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედმა მოსამართლეებმაც. თავის მხრივ, ამ სარჩელების საფუძვლიანობა გაიზიარა ვენეციის კომისიამაც.- წერია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს ის კონსტიტუციური სარჩელები, რომლებშიც მოსარჩელე სადავო ნორმის შეჩერებას ითხოვს, ვინაიდან სადავო ნორმების მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლებელია მივიღოთ ისეთი შედეგები, რომელთა გამოსწორებაც, ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც ვეღარ მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი