უსისხლოდ ჩადენილი სასტიკი მკვლელობა - მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს

გამოქვეყნდა:

უკვალოდ განხორციელებული სასტიკი მკვლელობა - ქართულ ციხეში ზის ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის იმისთვის, რომ მან ბეისბოლის ბიტით მოკლა მამაკაცი.

თუმცა, საინტერესოა, როგორ უნდა მოახერხო, რომ ადამიანს ბიტი ურტყა თავში და ტანისამოსზე სისხლის არცერთი წვეთი არ დაგეცეს. წესით, მკვლელი მსხვერპლის სისხლში უნდა იყოს ამოსვრილი, მაგრამ გასამართლებულს მოკლული მამაკაცის სისხლი ტანსაცმელზე საერთოდ არ აქვს.

მკვლელობაში მსჯავრდებულის გასასამართლებლად მთავარი მოწმის ჩვენება გამოიყენეს, რომელიც რამდენიმე სართულის სიმაღლიდან აკვირდებოდა თავდასხმას, მაგრამ, დაშორების მიუხედავად, თურმე, ყველაფერს დეტალებში ხედავდა, მათ შორის, მკვლელის გარეგნობას.

მოწმის და სათვალთვალო კამერის ხედვა ერთმანეთს აშკარად არ ემთხვევა - ჩანაწერში მკვლელი სხვანაირად გამოიყურება. როგორც ჩანს, ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც გამოძიება ცდილობს, მალე მოიცილოს თავიდან საქმე და ამისთვის არ ერიდება, თუნდაც უდანაშაულო ადამიანი გაწიროს, ცხოვრება დაუნგრიოს და რამდენიმე წლით ციხეში დაამწყვდიოს.

თუ ეს სიმართლეა, მაშინ ნამდვილი მკვლელი ისევ თავისუფალია და შესაძლოა, მსგავსი დანაშაული კიდევ გაიმეოროს.

დილის ხუთის ნახევარი იქნებოდა, როცა კორპუსის მცხოვრებლები ქუჩაში ატეხილმა ხმაურმა გამოაღვიძა. მაშინ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდებოდა და მთლიანად მეტალის ღობე ჰქონდა შემოვლებული, ამიტომ ფანჯრიდან გამოხედვის შემდეგ, რამდენიმე ადამიანმა მხოლოდ ის დაინახა, რომ მათთვის უცნობ  მამაკაცს, ხელში ხის ნაჭერი ეჭირა და ვიღაცას ურტყამდა. 

ჩხუბს მოპირდაპირე კორპუსიდანაც ადევნებდნენ თვალყურს. მამაკაცმა, რომელიც მესამე სართულის ამ ფანჯრიდან იცქირებოდა,  გამოძიებას ძალიან დეტალური და ისეთი ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, რომ საქმე პრაქტიკულად გაიხსნა.

იმავე  მოწმემ,  არამხოლოდ გარდაცვლილი ამოიცნო, არამედ თავდამსხმელის  ჩაცმულობაც და რაც ყველაზე მთავარია,  გარეგნობაც დეტალურად აღწერა, თუმცა მისი ჩვენების წაკითხვის შემდეგ, თამაზ ჩიხლაძეს, რომელის ძმასაც განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ, გამოძიების ოქროს მოწმის ჩვენების მიმართ პირველი ეჭვი აღეძრა.

განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული ლევან ჩიხლაძის გარეგნობის აღწერისას მოწმე რომ ნამდვილად ცდებოდა ან  მიზანმიმართულად  ცრუობდა, იმ მაღაზიის გარე და შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმაც დაადასტურეს, სადაც ლევან ჩიხლაძემ და დავით გუზიტაშვილმა არაყი შეიძინეს. 

გამოძიების ვერსიით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა  ლევან ჩიხლაძემ ასევე ნასვამ დავით გუზიტაშვილს, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები ხის ჯოხით მიაყენა. მოწმე, რომელიც ამ საბედისწერო სცენას მოპირდაპირე კორპუსის მესამე სართულის ფანჯრიდან უყურებდა, იმასაც ამბობდა, რომ დაინახა როგორ და სად გადააგდო  თავდამსხმელმა დანაშაულის იარაღი. 

არანაკლებ საეჭვო კითხვებს აჩენს იმ ექსპერტიზის პასუხები, რომელმაც განზრახ მკვლელობისთვის ა.წ. უკვე მსჯავრდებულის ლევან ჩიხლაძის ტანსაცმელზე არსებული სისხლის ლაქები შეისწავლა. 

მკვლელობაში ბრალდებული ლევან ჩიხლაძე ბრალს არ აღიარებს. საკუთარ ჩვენებაში ის დავით გიზიტაშვილთან ერთად დალევის ფაქტს ადასტურებს, თუმცა მასთან  ჩხუბს კატეგორიულად უარყოფს.

სავარაუდო თავდამსხმელის თაობაზე ლევან ჩიხლაძეს ჩვენება გამოძიებისთვისაც აქვს  მიცემული, თუმცა მისი მონათხრობი ტყუილი იყო თუ მართალი, არავის გადაუმოწმებია. 

როგორც ჩანს, გამოძიებას  არც ის ვიდეომასალა შეუსწავლია, რომელიც ამ საქმეს ჰქონდა დართული. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ დავით გუზიტაშვილი და ლევან ჩიხლაძე იყვნენ, ჭეშმარიტებად იქნა მიჩნეული.

საქართველოს ფოსტის შენებაზე არსებული გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ცოტნე დადიანის გამზირისა და ქართველიშვილის ქუჩის კვეთაზე, სადაც  მკვლელობა მოხდა, ტრაგედიამდე  რამდენიმე წუთით ადრე გაცხოველებული მოძრაობაა. 

კამერის კადრში პირველი ადამიანი 04:19:25 წუთზე ჩნდება, შემდეგ შემოდის მანქანა და ცოტა ხანში ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანის სილუეტი ჩანს. მათ შორის არიან თუ არა ჩიხლაძე და გუზიტაშვილი რთული სათქმელია, თუმცა  ჯგუფის დაშლიდან 10 წუთში ანუ 4:41 წუთზე ისინი კადრში ნამდვილად შემოდიან.  დაახლოებით ორი წუთი ისინი ამ ტერიტორიაზე რჩებიან და აშკარაა, რომ ორივე ძალიან ნასვამია. 

კადრიდან  გუზიტაშვილისა და ჩიხლაძის გაუჩინარებიდან ზუსტად 1 წუთსა და 25 წამში სათვალთვალო კამერა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელი პიროვნებას აფიქსირებს. 

გამოძიება არც იმ პიროვნების ვინაობის დადგენით დაინტერესებულა, რომელიც კადრში ოთხ საათზე 47 წუთსა და 31 წამზე შემოდის, მისი გამოჩენიდან რამდენიმე წამში ქართველიშვილის ქუჩიდან დადიანის გამზირზე ჩამოდის მკვლელობაში ბრალდებული ლევან ჩიხლაძეც. 

ლევან ჩიხლაძის განაჩენი, რომელსაც საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ამჟამად სააპელაციო წესით არის გასაჩივრებული. 

იმ შემთხვევაში, თუ ვიდეო ფირებს სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებად მიიღებს, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ გამოძიებისას დადგენილი ფაქტების უმეტესობა ეჭვქვეშ დადგება, სისხლის სამართლის საქმეებში კი საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ყველა ეჭვი ეჭვმიტანილის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.  

ავტორები: გიორგი გვიშიანი, აკა ჯორბენაძე, ნოდარ ჭადაშვილი, ვახო გახოკიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი